რომელი ტურიზმის აღდგენაზეა საუბარი, როცა გავხდით ერთ-ერთი გამორჩეულად საშიში ქვეყანა - „ტრეფიკ თრეველი"

რა ტურიზმის აღდგენაზეა საუბარი, როცა გავხდით ერთ-ერთი გამორჩეულად საშიში ქვეყანა - ასე ეხმაურება რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ "ტრეფიკ თრეველის" მმართველი პარტნიორი ცოტნე ჯაფარიძე 5 ივლისის შემდეგ მიმდინარე მოვლენებს.

მისი თქმით, ტურისტული სექტორი 10%-დან 25%-მდე დატვირთვით მუშაობდა და არსებული რეალობა კიდევ მეტად დააზარალებს.

„ქვეყანაში არსებული ვითარება სცილდება ტურისტულ სექტორს, ეკონომიკას და მთლიანად ქვეყნის მომავლისთვისაა დამღუპველი. მთელი საერთაშორისო მედია წერს ქვეყნაში განვითარებულ მოვლენებზე და არ შეიძლება ეს არ აისახოს ტურიზმზეც.

ჩვენ არ ვართ დიდი კომპანია, მაგრამ ჩვენს მაგალითზე რომ ვთქვა, მთლიანი ჯავშნების მოცულობა არაა დიდი და ამ პირობებში ბოლო ათ დღეში 5 ჯავშანი გაგვიუქმდა. ასეთი რამე არ მომხდარა არასოდეს. ეს აუცილებლად აისახება მომავალზეც და სამომავლო ჯავშნებზეც. სექტემბერ-ოქტომბერში უკვე ექნება ამას გამოძახილი. გაუქმებული ჯავშნების გარდა, უბრალოდ, აღარ იქნება ახალი ჯავშნები. ახლა ჩვენი კომპანია 20-25% დატვირთვით მუშაობს, სხვა კომპანიები 10-15%-ით.

ღმერთმა ქნას, ვცდებოდე, მაგრამ ვფიქრობ, რომ აგვისტო და სექტემბერი ისეთივე წარუმატებელი იქნება, როგორც 2020 წელი“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლება რეალობას აცდენილია და ვერ აფასებს არსებულ რთულ ვითარებას.

,,სამწუხაროდ, მთავრობის მოლოდინი მუდმივად აცდენილია რეალობას. ამაზე კარგად მეტყველებს მოლოდინიც, რომ წელს ტურიზმი 2019 წელს დაუბრუნდებოდა. არაერთი საერთაშორისო კვლევა დაიდო, რომ ეს ყველაზე ადრე 2023 წელს იქნება შესაძლებელი. რომელი ტურიზმის აღდგენაზეა საუბარი, როცა სახმელეთო საზღვრები გაიხსნა ძალიან გვიან, როცა ფრენების დიდი ნაწილი არ არის აღდგენილი და ახლა, გავხდით ერთ-ერთი გამორჩეულად საშიში ქვეყანა“, - აცხადებს ცოტნე ჯაფარიძე ,,საქმეში“.

თამარ მუკბანიანი