„თუ ასე გავაგრძელეთ ცხოვრება, საქართველოს მომავალი ტურიზმის კუთხით იქნება მაქსიმუმ პოსტ საბჭოთა სივრცეში დაბრუნება, პოზნერების, გავრილოვების მასპინძლობა და დუგინთან ჩახუტება“

„5 ივლისის შემდეგ, ჩვენ აბსოლუტურად სხვა რეალობაში გავიღვიძეთ „- ამის შესახებ “ჰელისკი ჯორჯიას“ ხელმძღვანელმა ვატო ასათაშვილმა რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისი თქმით, იმ ვითარებაში, როდესაც სახელმწიფო ვერ იცავს საკუთარ მოქალაქეებს, „საქართველოს მომავალი ტურიზმის კუთხით იქნება მაქსიმუმ პოსტ საბჭოთა სივრცეში დაბრუნება, პოზნერების, გავრილოვების მასპინძლობა და დუგინთან ჩახუტება“.

„5 ივლისის შემდეგ, ჩვენ აბსოლუტურად სხვა რეალობაში გავიღვიძეთ. სეზონის დასაწყისში გაზაფხულის ბოლოს, ტურიზმის და ეკონომიკის კუთხით ძირითადი გამოწვევა გვქონდა პანდემიური მდგომარეობა, ვაქცინაციის დაბალი ტემპი და იყო ერთგვარი მოლოდინები, რომ ზაფხულის სეზონზე შესაძლოა, ეკონომიკური აქტივობა დაწყებულიყო, შესაბამისად, ტურიზმიდანაც შემოსავლები შემოსულიყო.

ჩვენ გვახსოვს ერთგვარად უტრირებული განცხადებები ჯერ პრემიერ-მინისტრისგან, რომ 50%-იან აღდგენას ელოდებოდა, 2019 წელთან შედარებით, თუმცა მერე დააზუსტეს, შედარებით რეალობას დაუბრუნდა ეკონომიკის სამინისტრო და თქვეს, რომ 35%-მდე იგეგმებოდა. ხოლო, ბოლოს ფინანსთა სამინისტრომ კაკაურიძის ხელმძღვანელობით დააზუსტა, რომ 25%-იან აღდგენას ველოდებოდით. თუმცა, იმან, რაც მოხდა 5, 6 და 11 ივლისს, აბსოლუტურად შეცვალა რეალობა. აქ არ არის საუბარი მხოლოდ ჯავშნების მყისიერ გაუქმებაზე. იმიტომ, რომ მყისიერი გაუქმება არის შედეგი სწორედ არსებული დესტაბილიზაციის. სამწუხაროდ, საქართველო დაადგა ჩრდილოეთ კავკასიურ გზას და ეს ძალიან კარგად დაინახა ყველამ. უპირველეს ყოვლისა, იმ არეულობების ფონზე, რაც საქართველოში იყო, მთავრობამ, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ფაქტობრივად, თავზე დაგვახია კონსტიტუცია, რაც ძალიან სამწუხაროა. ასეთი რამე მე არ მახსოვს ათწლეულების განმავლობაში. და რაც ყველაზე ცუდია, სამართალდამცავებს ამაზე აბსოლუტურად არანაირი რეაგირება არ ჰქონიათ. ევროკავშირის დროშა თავზე დაგვახიეს ორჯერ ზედიზედ და ახლა საუბარია ეკონომიკის განვითარებაზე.

ჩვენ თუ აქამდე ვიბრძოდით ბიზნესის დამოუკიდებლობისთვის, კერძო საკუთრების უფლებისთვის, ადამიანის უფლებებისთვის, ახლა ვიბრძვით გადარჩენისთვის და ქვეყანა, რომელიც ხრამში გადავჩეხეთ, გვინდა ამოვიყვანოთ“,- განაცხადა ვატო ასათაშვილმა.

მისი თქმით, არსებულ რეალობაში, ტურისტებს, რომლებიც ქვეყნისთვის პოტენციური ინვესტორები იყვნენ, არანაირი გარანტიები აღარ აქვთ, შესაბამისად, რაიმე პროგნოზების გაკეთება და ბიზნესზე საუბარი, ყოვლად ზედმეტია.

„როგორც კერძო სექტორის, ტურიზმის წარმომადგენელმა, სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში მე და ჩემი გუნდი რასაც ვაკეთებდით, ანუ ჩვენი მისია იყო უცხოელების, ანუ პოტენციური ინვესტორების საქართველოში შემოყვანა. იმის გარდა, რომ ისინი არიან ინვესტორები, ჩემი კლიენტები არიან მაღალგადამხდელუნარიანი სეგმენტი, რომლებიც თითო მოგზაურობაში, ჩვენ მომსახურებაში იხდიან 4-5 ათასი ევროდან 15 ათას ევრომდე. ანუ, ყველა იმ ადამიანთან, რომელიც ჩვენ ამ წლების განმავლობაში ჩამოგვყავდა, ვმუშაობდით იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში მოგზაურობის შემდეგ გასჩენოდათ ინვესტირების სურვილი. არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელებულა, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რამდენიმე ათეული, მათ შორის, რეექსპორტის, სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტის კუთხით, ჩვენი კლიენტების მიერ, რომლებიც აქ ჯერ დასასვენებლად ჩამოვიდნენ და მერე, ჩვენი ძალისხმევის შედეგად, ნამდვილად საქმის კეთება დაიწყეს ჩვენს ქვეყანაში. და დღეს რა მივიღეთ?! თავდაყირა დადგა ქვეყანა, ჩვენ ამ ხალხს ვერანაირ გარანტიებს ვერ მივცემთ.

2020-21-ის ზამთრის სეზონი, ჩვენ ფაქტობრივად, გავაჩერეთ, არსებული ეპიდ ვითარებიდან გამომდინარე, იმიტომ, რომ ეს იყო რეალური სურათი. არსებობს სუბიექტური და ობიექტი მიზეზები, რატომ ვერ ვმართეთ პანდემია, თუმცა ეს ის იყო, რის წინაშეც დავდექით. ახლა რაიმე პროგნოზის გაკეთება, ბიზნესზე საუბარი ზედმეტია, მანამდე სანამ ქვეყანა არ დაუბრუნდება ბუნებრივი განვითარების ევროპულ რელსებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ თუ არ ვიშრომებთ, უმცირესობების უფლების დაცვაზე, ჩვენ თუ არ ავაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს, ქვეყანას მომავალი არ აქვს.

ჩვენ თუ ასე გავაგრძელეთ ცხოვრება, საქართველოს მომავალი ტურიზმის კუთხით იქნება მაქსიმუმ პოსტ საბჭოთა სივრცეში დაბრუნება, პოზნერების, გავრილოვების მასპინძლობა და დუგინთან ჩახუტება. ამიტომ, ბრძოლა გარდაუვალია და ეს ბრძოლა ბოლომდე უნდა მივიყვანოთ“,- განაცხადა ვატო ასათაშვილმა.

ნინი ქეთელაური