Coca-Cola Zero Sugar-ის რეცეპტი და დიზაინი იცვლება

გაზიანი სასმელების გლობალური კომპანია Coca-Cola-ს დღევანდელ განცხადებაში, რომლესაც ტელეკომპანია CNN ავრცელებს, ნათქვამია, რომ უშაქრო სასმელ Coca-Cola Zero Sugar-ის რეცეპტსა და ქილის დიზაინს ცვლის.

კომპანია უშაქრო სასმელის რეცეპტს ცვლის, რათა მისი გემო ჩვეულებრივი Cola-ს გემოს მაქსიმალურად მიამსგავსოს. სხვანაირი იქნება პროდუქტის ქილაც: შავი და წითელი ფერის ნაცვლად, ახალი ქილა მთლიანად წითელი ფერის იქნება. კომპანიის ეს გადაწყვეტილება უკავშირდება იმას, რომ რამდენიმე პრობლემატური ბრენდის გამოშვების შეწყვეტის შემდეგ, Coca-Cola ყურადღებას საფირმო პროდუქტებზე, მათ შორის Coke-ზე, Coca-Cola Zero Sugar -სა და Diet Coke-ზე ამახვილებს.

კომპანიაში იმედოვნებენ, რომ Coca-Cola Zero Sugar-ის განახლებული ვერსია მეტ მომხმარებელს მიიზიდავს.

„უდიდესი წარმატების მიუხედავად, Coca-Cola Zero Sugar პირველ კვარტალში შედარებით ნაკლები პროცენტულობით მაინც გამოირჩევა,“ - აცხადებს კვარტალურ გაყიდვებთან დაკავშირებით კომპანიის გენერალური დირექტორი, ჯეიმს ქუინსი.

მისი თქმით, გაუმჯობესებული გემო ამ სასმელს საკულტო Coca-Cola-ს კიდევ უფრო დააახლოვებს და ამ გადაწყვეტილებაზე დატესტილი მომხმარებლების გავლენამაც იმოქმედა. ამასთან, კომპანია „მუდმივი სრულყოფილებისკენ მიისწრაფვის.“ ახალი ვერსია აშშ-ში მიმდინარე თვეს, კანადაში კი სექტემბერში გამოჩნდება.

„ის უფრო გამაგრილებელი და გემრიელი იქნება,“ - აცხადებენ კომპანიაში, თუმცა რეცეპტის დეტალებს ჯერ არ ახმიანებენ. მიუხედავად ამისა, CNN-მა გაარკვია, რომ ახალი Coca-Cola Zero Sugar, ძველთან შედარებით, ოდნავ ტკბილი და სქელი დასალევი იქნება. აშშ-სა და კანადაში სასმელის დასატკბობად ერთი და იგივე ინგრედიენტები - ასპარტამი და აცესულფამ-K გამოიყენება, მსოფლიოს სხვა ბაზრებზე კი სხვადასხვა დამატკბობელს იყენებენ.

სოციალური ქსელის კრიტიკული მომხმარებლების მიუხედავად, კომპანიაში დარწმუნებული არიან, რომ ახალი პროდუქტი ხალხს მოეწონება.

„ჩვენ წინასწარ დავტესტეთ ახალი რეცეპტი და დიზაინი როგორც Coca-Cola Zero Sugar-ის მუდმივ, ისე მის არამომხმარებლებში. სასმელი ყველას მოეწონა და შედეგები მეტად დამაიმედებელია,“ - აცხადებს აშშ-ში Coca-Cola-ს სავაჭრო ნიშნის კატეგორიის მმართველი, რაფაელ პრანდინი.

Coke Zero კომპანიამ პირველად 2005 წელს გამოუშვა. 2017 წელს პროდუქტის რეცეპტი შეიცვალა და მას Coca-Cola Zero Sugar ეწოდა. ცვლილებაზე სოციალურ ქსელში თავდაპირველი კრიტიკის შემდეგ, მომხმარებელს სასმელი შეუყვარდა და გასულ წელს პროდუქციის გაყიდვების მოცულობა 4%-ით გაიზარდა, რაც მთლიანობაში Coke-ის ბრენდის გაყიდვების ზრდას დაეხმარა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში Coca-Cola Zero Sugar, გაყიდვების მოცულობით, 8%-ით გაიზარდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ