პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღსადგენად სავარაუდოდ 2 მილიონ ლარამდე დაიხარჯება

თბილისში, პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღსადგენად შესაძლოა, 2 მილიონი ლარი დაიხარჯოს, - ამის შესახებ დღეს თბილისის მერიაში ჟურნალისტებს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განუცხადა.

მისივე თქმით, ორმხრივი მოძრაობის აღდგენა მნიშვნელოვანია, თავისუფლების მოედნისა და ქალაქის ისტორიული ნაწილის საცობებისგან განტვირთვის მიზნით. მერმა აღნიშნა, რომ საპატრულო პოლიციაც ადასტურებს ამ პროექტის განხორციელების აქტუალურობას. "ისეთი პროექტი უნდა განხორციელდეს, რომელიც ქალაქის ისტორიულ ნაწილთან შესაბამისობაში იქნება ერთი მხრივ და მეორე მხრივ, იქ უმტკივნეულოდ მოხდება საავტომობილო საშუალებების გადაადგილება. ეს არ იქნება ესტაკადა, ვიზუალურად ეს იქნება ძალიან მოწესრიგებული პროექტი, რომლის მეშვეობითაც ისტორიული მემკვიდრეობის ნაწილი შენარჩუნდება და მეორე მხრივ, მის თავზე იქნება საავტომობილო გზა", - აღნიშნა დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ.

მისივე განმარტებით, მომავალი წლის ბიუჯეტში ინფრასტრუქტურული პროექტიების მოსაწესრიგებლად მთლიანად 160 მილიონი ლარი აქვს გამოყოფილი. მათი უმეტესობა გზების მიმდინარე შეკეთებას მოხმარდება.