Subway პირველად თავის 56-წლიან ისტორიაში მენიუს მთლიანად აახლებს

რესტორნების გლობალური ქსელი Subway ყველანაირი მენიუს განახლებას აპირებს, რაც მის ისტორიაში უმსხვილეს ცვლილებას წარმოადგენს. ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ჯონ ჩიდსიმ ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, მენიუში მომხმარებლები ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ვარიანტებსა და ახალ ინგრედიენტებს ეძებენ. ამასთან, კონკურენციაც იზრდება და Subway-ის „ვეღარ შველის მხოლოდ იმის მტკიცება, თუ, მაგალითად, რამდენად ნამდვილი თინუსია მის მენიუში.“

თავის ფრანჩაიზებთან ერთად ჩატარებული კვლევით, Subway-ის ახალმა გუნდმა, რომელიც კომპანიაში წელიწადნახევრის წინ მივიდა, დაადგინა, რომ ბოლო 5-6 წელიწადში ბრენდს კვების პროდუქტებში არანაირი სიახლე არ შეუტანია.

„ბოლო 15-16 თვის განმავლობაში ჩვენს მთავარ ინგრედიენტებზე ვმუშაობდით. გავაუმჯობესეთ ინდაურისა და ქათმის ხორცი, ლორი და სტეიკი, ჩვენი პურ-ფუნთუშეული. ახალ სენდვიჩებსა და განახლებულ ძირითად პროდუქტებს შორის მომხმარებლებისთვის 20-მდე სიახლე გვაქვს. ერთადერთი, რასაც არ შევეხეთ, თინუსის თევზის სენდვიჩია, რადგან ის მანამდეც აბსოლუტურად სრულყოფილი და ნატურალური გვქონდა. ასე რომ, ეს მართლაც უდიდესი განახლებაა ბრენდის 56-წლიან ისტორიაში,“ - აცხადებს ჯონ ჩიდსი. მისი თქმით, ცვლილებები შეფუთვებსაც შეეხება, ყველანაირ სიახლეს კი მომხმარებელი subwaytunafacts.com-ზე გაეცნობა.

ჩიდსი აცხადებს, რომ 2019 წლიდან Subway-ის ციფრული გაყიდვების მოცულობა 217%-ით გაიზარდა. კომპანიისთვის უკონტაქტო გაყიდვისა და მიწოდების სერვისი პრიორიტეტად რჩება.

„მართალია ჩვენ Burger King-ის ან McDonald's-ის მასშტაბები არ გვაქვს, მაგრამ არამარტო აშშ-ში, არამედ ევროპაში, აზიასა და სხვა კუთხეებშიც წლის პირველი 6 თვე, 2020 და 2019 წლებთან შედარებით, ბრენდისთვის მეტად პოზიტიური იყო,“ - აცხადებს ჩიდსი. მისი თქმით, მაისში კომპანიამ ახალი თანამშრომლების ოდენობა განსაზღვრა და ციფრული აპლკაციით 40 000-მდე ადამიანი დაიქირავა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ