თამბაქოს ზიანის შემცირება - განსხვავებული მიდგომები და უკეთესი მომავლის შექმნის შესაძლებლობა

თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგია ჯანდაცვის სისტემების პრაქტიკაა, რომელიც თამბაქოს მიერ მომხმარებელთა და მათ გარშემომყოფთა ჯანმრთელობისთვის მიყენებული რისკების შემცირებას ისახავს მიზნად.

ბაზარზე თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობების - ელექტრონული სიგარეტების, გასახურებელი თამბაქოს მოწყობილობებისა და უკვამლო სნუსის გამოჩენის შემდეგ, ზიანის შემცირების სტრატეგია საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და საკანონმდებლო ინსტიტუტების მხრიდან აქტიური განხილვის თემად იქცა.

მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის ისეთი გავლენიანი ორგანიზაციები, როგორებიც არის Public Health England და აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია, აღიარებს თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობების შესაძლო უპირატესობებს, თამბაქოს მოხმარების შემცირების პროცესში ჯანმო მკაცრი რეგულაციებისა და შეზღუდვების დაწესებას ანიჭებს უპირატესობას.

“ბოლო წლებში გასახურებელი თამბაქოს მოწყობილობების შესახებ ინფორმაციის გავრცელება “შემცირებული რისკის” სახელის ქვეშ ხდება და ხასიათდება როგორც ტრადიციული მოწევის შეწყვეტის დამხამარე საშუალება. თუმცა, გასახურებელი თამბაქოს მოწყობილობების მიერ წარმოქმნილი აეროზოლი შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებებს და დღეისთვის, არ არსებობს საკმარისი სამეცნიერო მტკიცებულება იმისა, რომ მოწყობილობა ტრადიციულ სიგარეტთან შედარებით ნაკლები რისკის შემცველია”, - წერია ჯანმოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ცნობარში.

ჯანმოსგან განსხვავებული პოზიცია აქვთ ჯანდაცვის ექსპერტებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ თამბაქოს ელექტრონულ მოწყობილობებს აქვთ შესაძლებლობა, ხელი შეუწყონ მწეველთა მიერ ტრადიციული მოწევისთვის თავის დანებებას და პოტენციურად ნაკლები რისკის მქონე პროდუქტების მოხმარებაზე გადასვლას. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ექსპერტები აღიარებენ დამატებითი სამეცნიერო მტკიცებულებების აუცილებლობას, რათა საზოგადოებამ მიიღოს სრული ინფორმაცია მოწყობილობის გრძელვადიანი მოხმარების რისკებისა და სარგებლის შესახებ.

“როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ შემცირებული ზიანის მქონე თამბაქოს მოწყობილობებზე, აუცილებელია გავითვალისწინოთ, თუ ვინ მოიხმარს მას. თუ მოწყობილობას მოიხმარს არა მწეველი, მაშინ ის უთუოდ ზიანის მომტანი იქნება მისთვის, თუმცა, თუ მოწყობილობას იყენებს თამბაქოს ზრდასრული მომხმარებელი, რომელსაც სურს, თავი დაანებოს მოწევას და პარალელურად გააგრძელოს ნიკოტინის მოხმარება, მაშინ ჩვენ თამბაქოს ელექტრონული მოწყობილობა ზიანის შემცირების ინსტრუმენტად შეგვიძლია განვიხილოთ”, - ამბობს რობინ გუშლე.

ზიანის შემცირების მომხრე ექსპერტების განცხადებით, ეს სტრატეგია სხვადასხვა სოციალურ დონეზე სხვადასხვა პრობლემას აწყდება. მათი განმარტებით, ყველაზე დიდ გამოწვევას უნდობლობა წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს არაერთი სამეცნიერო კვლევა, რომელიც მოწმობს მოწყობილობების შესაძლო სარგებელს, სხვადასხვა ჯანდაცვის ინსტიტუტები, პოლიტიკოსები და მეცნიერთა ნაწილი მაინც უპირისპირდება ზიანის შემცირების სტრატეგიას. როგორც დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტის პროფესორი, კონსტანტინოს ფარსალიონისი (Konstantinos Farsalinos) ამბობს, თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების მოწინააღმდეგეები “ახდენენ თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიის დისკრედიტაციას და ღიად უპირისპირდებიან განსხვავებულ შეხედულებებს”.

თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიის პოტენციურ სარგებელზე საუბრობენ ქართველი ჯანდაცვის ექსპერტებიც. მათი მოსაზრებით, საჭიროა დამატებითი, გრძელვადიანი კვლევების ჩატარება, რათა შევძლოთ მივიღოთ ზუსტი ინფორმაცია თამბაქოს ალტერნატიული მოწყობილობების რისკებისა და სარგებელის შესახებ.

“ნებისმიერი რეგულაცია უნდა გავიგოთ როგორც საერთო მიზნის მიღწევის გზა. თუმცა, რეგულაციებზე საუბრის დროს აუცილებლად უნდა განვიხილოთ ზიანის შემცირების სტრატეგია და ნიკოტინის შემცველი უკვამლო მოწყობილობების შესაძლო სარგებელი. ამ გზით ჩვენ შევძლებთ, დავეხმაროთ ასობით ათას მწეველს საქართველოში, რომლებიც ვერ ან არ ანებებენ თავს მოწევას, შეამსუბუქონ თამბაქოს მოხმარების შედეგად ორგანიზმისთვის მიყენებული ზიანი”, - ამბობს ანდრია ურუშაძე, ჯანდაცვის ექსპერტი.

(R)