ბაზარზე ფერადი ყვავილოვანი კომბოსტო გამოჩნდა

ლვოვის ოლქის ფერმერებმა უკრაინის ბაზრისთვის უჩვეულო, ფერადი ყვავილოვანი კომბოსტო მოაშენეს. პირველმა მოსავალმა დიდი ინტერესი გამოიწვია სუპერმარკეტებსა და რესტორნებში. ინფორმაციას პორტალი AgroPortal.ua ავრცელებს.

კომპანია Magnat Agro Image Lviv ლვოვის ოლქში მრავალფეროვანი ყვავილოვანი კომბოსტოს თესლის ოფიციალური დისტრიბუტორია. მისი თანამფლობელი, იური კვინტუკი აცხადებს, რომ როგორც კი უკრაინაში ეს ჰიბრიდი დარეგისტრირდა, კომპანიამ თავის მუდმივ მომხმარებლებს მიმართა შეთავაზებით, რომ მინდვრებზე დაეტესტათ. წინადადებას ლვოვის ოლქის ათამდე ინდივიდუალური და ფერმერული მეურნეობა გამოეხმაურა.

„რაკი ეს ჰიბრიდი უკრაინის ბაზარზე სიახლეა, ფერმერებმა ის დიდ ფართობზე არ ჩათესეს. მათ ახალი კულტურა დატესტეს, თუ როგორ აითვისებდა მინდორს და რა რეაქცია ექნებოდა ბაზარს მოსავალზე. ჩვენი ხალხი შეჩვეულია, რომ ყვავილოვანი კომბოსტო უნდა იყოს თეთრი, ამიტომ ზოგიერთი მყიდველისთვის ნამდვილად უცხოა და მასში ცნობისმოყვარეობას იწვევს. თუმცა ინტერესი ნამდვილად არსებობს, განსაკუთრებით იმ ადამიანებში, რომლებიც ევროპაში იმყოფებოდნენ. იქ ასეთი კომბოსტო დიდი ხანია, მოჰყავთ და ძალიან პოპულარულია. ფერადმა ყვავილოვანმა, ასევე, დიდი ინტერესი გამოიწვია სასურსათო ქსელებსა და რესტორნების ბიზნესში,“ - აცხადებს კვინტუკი.

მეურნეობა Овощеводство-ს დამფუძნებელი მარია მორიკინი ერთ-ერთი მათგანია, ვინც წელს ფერადი ყვავილოვანი კომბოსტო მოიყვანა. მისი მეურნეობა ლვოვის ოლქის ნიკოლაევის რაიონში 20 ჰექტარ მიწას ამუშავებს და ყაბაყის, კომბოსტოს ადრეული და გვიანი ჯიშების, ნიახურისა და სალათის გაშენებით სპეციალიზდება. თავის პროდუქტებს ისეთ დიდ სუპერმარკეტებში ყიდის, როგორიცაა METRO.

საერთო ფართობი, რომელზეც წელს Овощеводство-მ ფერადი ყვავილოვანი კომბოსტო გააშენა, დაახლოებით, 30 ჰექტარია, თუმცა შემოდგომაზე მოცულობის გაზრდას გეგმავს.

ერთი შეკვრა 2500 თესლს იტევს, რაც 2,5 ჰექტარი მიწის დასათესად საკმარისია. მისი ფასი 2245 გრივნაა (82 დოლარია).

იური კვინტუკის თქმით, 1 კგ. ასეთი კომბოსტო სუპერმარკეტების თაროებზე, დაახლოებით, 200 გრივნა (7,5 დოლარი) ღირს, ხოლო ერთი თავი, საშუალოდ, კილოგრამამდე იწონის. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ კომბოსტოს საშუალო წონა დამოკიდებულია მის სიმკვრივეზე, რომელსაც ფერმერი დათესვის დროს ირჩევს.

„თუ ფერმერს დიდი თავების მოყვანა სურს, მაშინ 25-27 ათას ჰექტარზე თესავს, ვისაც ნაკლები ზომა აინტერესებს, მაგალითად, ახალი მოსავლის ბაზრისთვის, ასეთ კომბოსტოს მკვრივი თავები უნდა ჰქონდეს. ნაადრევი ბაზრისთვის საშუალო მოსავლიანობა ჰექტარზე, დაახლოებით, 20 ტონაა,“ - აცხადებს იური კვინტუკი. მისი თქმით, ფერადი ყვავილოვანი კომბოსტო საინტერესოა გადამამუშავებელი მეურნეობებისთვისაც, განსაკუთრებით მათთვის, ვინც გაყინვით არის დაკავებული, რადგან ამ კომბოსტოს კარგი სავაჭრო სახე აქვს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ