მსოფლიო ბანკი - განვითარებადი ქვეყნები სრულ ვაქცინაციას 2024 წლამდე ვერ დაასრულებენ

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, წელს აღმოსავლეთ აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის ტემპი პროგნოზირებულზე დაბალი იქნება. მიზეზი ისაა, რომ რეგიონის ბევრი ქვეყანა კვლავ კოვიდპანდემიის მკვეთრად გაზრდილ შემთხვევებს ებრძვის, რასაც თან ერთვის ვაქცინებით ცუდი მომარაგება.

მსოფლიო ბანკის პრეზიდენტ დევიდ მალპასის განცხადებით, ჩინეთის გარდა, ამ რეგიონის ქვეყნებში 4%-იანი ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი, რაც მარტის 4,4%-იან პროგნოზზე დაბალია. რაც შეეხება ჩინეთს, წელს მისი ეკონომიკური ზრდა 8,5%-მდე გაიზრდება. ამდენად, ჩინეთის ჩათვლით და მის ხარჯზე მთელი რეგიონის ეკონომიკური ზრდა 7,7%-ს მიაღწევს, რაც მარტში პროგნოზირებულ 7,4%-ზე მეტია.

მალპასის თქმით, რეგიონის ბევრ ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი საგანგაშოა და ისინი თავიანთი მოსახლეობის მთლიან ვაქციანაციას 2024 წლადე ვერ დაასრულებენ. მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი შეშფოთებულია, რომ განვითარებადი ქვეყნები ორსაფეხურიან აღდგენით პროცესში მეტად ჩამორჩებიან მაშინ, როცა განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებს მეტად დიდი ნახტომი აქვთ სრული ვაქცინაციის წყალობით.

„სწორედ ამიტომ ვუთმობთ დიდ ყურადღებას ვაქცინების გაფართოებას,“ - აცხადებს დევიდ მალპასი. მან თვის დასაწყისშიც განაცხადა, რომ ბანკი კოვიდვაქცინების შესასყიდად და გასავრცელებლად 20 მლრდ დოლარს გამოყოფს, რაც წინა მიზნობრივ 12 მლრდ დოლარზე მეტია. მალპასმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოწინავე ქვეყნებს, რომ ჭარბ ვაქცინებზე უარი თქვან და ისინი განვითარებად ქვეყნებს დაუთმონ, რომლებსაც ვაქცინები სასიცოცხლოდ სჭირდებათ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ