იტალიის სამხრეთ რეგიონის სოფლებში დასასახლებლად მოქალაქეებს 28 000 ევროს სთავაზობენ

იტალიის სამხრეთ რეგიონ კალაბრიას ხელისუფლება 3 წლის განმავლობაში 28 000 ევროს შესთავაზებს იმ ადამიანებს, ვინც ადგილობრივ სოფლებში დასახლდება. ამით კალაბრიას ხელისუფლებას მოსახლეობის მრავალწლიანი გადინების შეჩერება სურს. ინფორმაციას ტელეკომპანია CNN ავრცელებს.

სამოსახლოს ასარჩევად წარმოდგენილია კალაბრიას ზღვის სანაპიროსა და მთის კალთებზე განლაგებული რამდენიმე სოფელი, სადაც, დაახლოებით, 2 ათასი მცხოვრებია დარჩენილი. თანხის მისაღებად ახალმა მისახლემ უნდა აიღონ ვალდებულება მცირე ბიზნესის ნულიდან წამოწყებაზე, ან უკვე არსებული და სოფლისთვის საჭირო სამუშაო პოზიციის მიღებაზე. კანდიდატები ბინადრობის ნებართვას მიიღებენ და უნდა იყვნენ არაუმეტეს 40 წლისა. მათ კალაბრიაში დასახლება განაცხადის წარდგენიდან 90 დღეში უნდა შეძლონ.

ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ამ წინადადებით აქტიურ ახალგაზრდებსა და მუშაობის მსურველ მილენიალებს მიიზიდავს. მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში, ჯანლუკა გალომ CNN-ს განუცხადა, რომ კალაბრიაში დასახლებული პირის ყოველთვიური შემოსავალი 2-3 წლის განმავლობაში შესაძლოა, 800-დან 1000 ევრომდე იყოს, ხოლო ალტერნატივის სახით შესაძლებელია ერთჯერადი ფინანსური დახმარებაც ახალი ბიზნესის წამოსაწყებად, იქნება ეს სასტუმრო, რესტორანი, ბარი, სოფლის მეურნეობა თუ მაღაზია.

ონლაინ განაცხადების მიღება უახლოეს კვირებში დაიწყება. რეგიონის ხელისუფლებამ პროექტისთვის 700 000-ზე მეტი ევრო უკვე გამოყო.

italy1-1626348103.jpg

CNN-ის მონაცემებით, კალაბრიის 75%-ზე მეტ, ანუ დაახლოებით, 320 ქალაქში ამჟამად 5000-ზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს, რაც აჩენს საფრთხეს, რომ რამდენიმე წელიწადში ზოგიერთი თემი შესაძლოა, მთლიანად გაქრეს.

წამახალისებელი დასახლების იდეა იტალიაში ახალი არ არის. ბოლო წლებში მსგავსი სქემა მოლიზეს რეგიონსა და აპულიის ქალაქ კანდელაშიც გამოიყენეს, სადაც დანგრეული სახლები ესპრესოს ფასად იყიდებოდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ