"ჯერჯერობით სახელმწიფო მყარად დგას აზრზე, რომ მკაცრი შეზღუდვები და „ლოკდაუნი“ არ განაახლოს"

ეპიდსიტუაცია ძალიან დამაფიქრებელი და საყურადღებოა. ბოლო ერთი კვირის მანძილზე, აღინიშნებოდა ახალი შემთხვევების სერიოზული ზრდა, ზოგიერთი ნატხომისებურ ზრდაზეც მეტყველებდა. დღეს შეინიშნება გარკვეული სტაბილიზაცია, მაგრამ მაინც მაღალ დონეზეა. ახალი შემთხვევების რაოდენობა არის 1300-დან 1800-მდე, რაც ძალიან მაღალი დონეა, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდა გამოწვეულია, ქვეყანაში რეგულაციების მოხსნის ფონზე, მოსახლეობის მიერ რეკომენდაციების არდაცვით, თუმცა, როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, დღეს ხელახლა „ლოკადაუნის“ გამოცხადება არ განიხილება.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა წესებისა და რეკომენდაციების დაცვისაკენ.

„ყველამ ვიცით, რომ ქვეყანაში, პრაქტიკულად, გაუქმებულია ყველა შეზღუდვა. ის რეგულაციები, რომელიც დარჩენილია - პირბადის ტარება და ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის არიდება, მოსახლეობის მიერ სათანადოდ არ სრულდება. მოსახლეობამ შეზღუდვების გაუქმება აღიქვა, როგორც ერთგვარი სიგნალი იმისა, რომ ყველაფერზე შეიძლება უარი თქვას და მოსახლეობამ ეს შეცდომა არ უნდა დაუშვას. შეზღუდვების გაუქმება, რომელიც მიმართულია ეკონომიკის აღდგენისა და ზრდის მცდელობისკენ, ბიზნესის გაცოცხლების მცდელობისკენ, იმისთვის, რომ მოსახლეობა ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს, არ უნდა იყოს აღქმული ისე, რომ ყველანაირ რეგულაციაზე უარი ვთქვათ, პიქირით - მკაცრი შეზღუდვების არარსებობის პირობებში, უფრო მკაცრად უნდა დავიცვათ ის რეგულაციები, რომელიც დარჩა - ეს არის პირბადის ტარება დახურულ სივრცეში და ხალხმრავალი შეკრებების ადგილზე და ამ ხალხმრავალი შეკრებებისგან მაქსიმალური თავის არიდება.

ძალიან ბევრს აინტერესებს რა ზომების მიღებას გეგმავს სახელმწიფო, ხომ არ აპირებს ისევ შეზღუდვების განახლებას, ან „ლოკდაუნის“ გამოცხადებას, - არა. შეიძლება საჭიროც არის, მაგრამ თუ ავწონ-დავწონით ყველაფერს, მის პოზიტიურ და ნეგატიურ მხარეებს, ჯერჯერობით სახელმწიფო მყარად დგას იმ აზრზე, რომ არანაირი მკაცრი შეზღუდვები და „ლოკდაუნები“ არ განაახლოს, რადგან, როგორც იქნა ქვეყანამ ამოისუნთქა, აღინიშნება საკმაოდ სწრაფი ეკონომიკური ზრდა, ტურისტული სეზონიც საკმაოდ წარმატებულია. ყველაფრის უკან შებრუნება ძალიან მტკივნეული იქნება ქვეყნისთვის, მისი ეკონომიკისთვის და ხალხისთვის. ამიტომ, ქვეყანა გაზრდილი მობილობის პირობებშიც, ჯერჯერობით არ გეგმავს შეზღუდვებს და „ლოკდაუნებს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძემ ასევე ისაუბრა შეზღუდვების გაუქმებაზე,

ცერცვაძის განცხადებით, შეზღუდვების მოხსნა სახელმწიფოს და მოქალქეების პოზიციიდან გამართლებული იყო.

„თუ ვილაპარაკებთ სუფთა ექიმის პოზიციიდან შეზღუდვების მოხსნა, რა თქმა უნდა, ვიჩქარეთ, მაგრამ თუ ვილაპარაკებთ სახელმწიფოს პოზიციებიდან და მოქალაქეებისთვის ნორმალური ცხოვრების საჭიროების პოზიციებიდან, არ ვიჩქარეთ. მეტი გაგრძელება არ შეიძლებოდა, ვერ გაუძლებდა ამას ქვეყნის ეკონომიკა და მოქალაქეების მოთმინების ფიალაც ივსებოდა. ექიმის პოზიციიდან ეს გამართლებული არ იყო, მაგრამ სახელმწიფოს და მოქალქეების პოზიციიდან გამართლებული იყო. რახან ეს გაკეთდა და შეზღუდვები მოიხსნა ახლა ნუღარ ვიწუწუნებთ, რა ვქნათ. შეზღუდვების განახლება ჯერ ამ სიტუაციაში არ მიმაჩნია მიზანშეწონილად. მიზანშეწონილად მიმაჩნია, რომ კლინიკური სექტორის მობილიზაცია მოხდეს მაქსიმალურად, კლინიკურმა სექტორმა მიიღოს ეს სერიოზული გამოწვევა და ძირითადი დარტყმა თავის თავზე აიღოს და კლინიკური სექტორი აღმოჩნდეს გაზრდილი დატვირთვის ქვეშ“, - განაცხადა ცერცვაძემ.