„საწყენია, რომ ჩვენ ერევანში ვასრულებთ ხიდის მშენებლობას და ამ დროს კი საქართველოში ჩინელები აშენებენ“ – „კავკასუს როუდ პროჯექტი“

„კავკასუს როუდ პროჯექტი“ ერევანში ხიდის მშენებლობას დეკემბერში დაასრულებს. როგორც კომპანიის დირექტორი პაატა ტრაპაიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, პარალელურად ისინი მონაწილეობას სხვა ტენდერებშიც მიიღებენ, რომელსაც სომხეთის მთავრობა უკვე შემოდგომისთვის გამოაცხადებს.

„ერევანში ხიდის მშენებლობას დეკემბერში დავასრულებთ. ამასთან, ვგეგმავთ, რომ ახალ ტენდერებშიც მივიღოთ მონაწილეობა, რომელიც სავარაუდოდ, უკვე სექტემბერ-ოქტომბერში გამოცხადდება“, - განუცხდა „ბიზნესპრესნიუსს“ პაატა ტრაპაიძემ.

რაც შეეხება საქართველოს, ტრაპაიძის თქმით, სექტორისთვის მუდმივი გამოწვევა სახელმწიფო ტენდერებია.

„ჩვენ ვმონაწილეობთ საქართველოში მცირე მასშტაბის ტენდერებში და ვიგებთ კიდეც, თუმცა ქართული კომპანიები ვერ ვერთვებით დიდ პროექტებში. მაშინ როცა იგივე სომხეთში, ჩვენ მოვიგეთ ტენდერი და ახლა, მიმდინარე პროექტია ხიდის მშენებლობა. ხომ ყველას გვესმის, რომ უცხოეთში არავინ გვაჩუქებდა ტენდერს. საუბარია ფართომასშტაბიან პროექტზე და ხიდზე ერევანში, რომელიც არ არის უფრო მცირე მოცულობის, ვიდრე რიკოთის უღელტეხილზე მშენებარე ხიდები. საწყენია, რომ ჩვენ ერევანში ვასრულებთ ხიდის მშენებლობას და ამ დროს კი საქართველოში ჩინელები აშენებენ“, - განაცხადა ტრაპაიძემ.

ხიდი ერევანში, რომელსაც ქართული კომპანია აშენებს, სომხეთის დედაქალაქში არსებული ავტობანის ნაწილია. პროექტის განხორციელება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და 2021 წლის დეკემბერში დასრულდება. ხიდი 252 მეტრი სიგრძისაა, ბურჯების სიმაღლე კი 18 მეტრს შეადგენს. პროექტის ჯამური ღირებულება 13 მლნ დოლარს შეადგენს. პაატა ტრაპაიძის თქმით, ერევანში ხიდის მშენებლობის პროცესში "კავკასუს როუდ პროჯექტიდან" 30 ადამიანი მუშაობს.

თამარ მუკბანიანი