რა ეღირება წელს საექსპორტო თხილი - თურქული კომპანიები თხილის საპროგნოზო ფასს უკვე ასახელებენ

2020-21 სეზონურ წელს თურქეთში 790 000-დან 800 000 ტონამდე თხილის მოსავალს ელოდებიან. სპეციალიზებული თურქული პორტალი Hazelnut Times სექტორის წამყვანი მწარმოებელი და ექსპორტიორი, 69-წლიანი კომპანია ARSLANTURK-ის მონაცემებს ავრცელებს.

პორტალის პროგნოზით, თურქეთის ნიადაგის პროდუქტების სამმართველო (TMO) ივლისის მე-3 ან მე-4 კვირისთვის 1 კგ თხილის ფასად მინიმუმ 25 და მაქსიმუმ 26 თურქულ ლირას (2,91-3,03 დოლარს) დაასახელებს. ამ კონტექსტში თავისუფალი ვაჭრობა კგ-ზე 24-25 თურქული ლირადან (2,80-2,91 დოლარიდან) დაიწყება. არსებული კურსით, როცა 1 დოლარი 8,60 ლირაა, 50-კილოგრამიანი ჯუთის ტომრებში დაფასოებული და ევროპის ბაზრისთვის (DDU Europe) განკუთვნილი ტონა თურქული თხილის ფასი 6 350/6 600 დოლარის (5 200/ 5400 ევროს) ექვივალენტური იქნება.

31 მაისის მდგომარეობით, თურქეთიდან 231,595 ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა. 2019-20 წლების ანალოგიურ პერიოდში ექსპორტმა 293 573 ტონა შეადგინა, 2018-19 წლების სეზონზე კი - 232 585 ტონა. 2020 წელს 11-13 მმ-იანი ტყის ნატურალური თხილის გულის ფასი ტონაზე 6 630 დოლარიდან (5600 ევროდან) დაიწყო.

ამ დროისთვის ევროპის ბაზრისთვის (DDU Europe) განკუთვნილი ანალოგიური ზომის თხილის გულის ფასი ტონაზე 6 030 დოლარია (4 950 ევროა).

აღსანინავია, რომ თურქეთი მსოფლიო თხილის ბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა. თხილის ბაზრის 75% სწორედ თურქეთზე მოდის, რაც თავისთავად გავლენას ახდენს ფასებზე სხვა მწარმოებელ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოზეც.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ