ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი გზა კიდევ 2 თვე ვერ გაიხსნება

ვაშლიჯვრის გზის ის მონაკვეთი, რომელიც მეწყრული პროცესების გამო დაკეტილია, დაახლოებით კიდევ 2 თვე ვერ გაიხსნება.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა განუცხადა.

როგორც ბენდელიანი აღნიშნავს, ადგილზე ამ დროისთვის კომპანია „კავკასუს როუდ ფროჯექთი“ უბნის გრძელვადიანად გამაგრების სამუშაოებს აწარმოებს, მათ შორის, იგეგმება მიწის გარკვეული მასის მოხსნა, მიკროხიმინჯებისა და ანკერების მონტაჟი.

„მაჭავარიანის ქუჩაზე არსებულ მეწყერთან დაკავშირებით, კომპანია „კავკასუს როუდ ფროჯექთმა“ წარმოადგინა ექსპერტული პროექტი, რომლის შედგენაშიც ჩართული იყო გერმანული მხარე. ამჟამად მიმდინარეობს მეორე ეტაპი, რომელიც სხვადასხვა სახის სამუშაოებისგან შედგება და რომლის მიზანიც არის იმ უბნის გრძელვადიანად გამაგრება, სადაც დროებით არის შეჩერებული მეწყერი. ეს პროექტი გერმანული მხარის უშუალო ჩართულობით გაკეთდა და დაექსპერტებულია სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ. გერმანელი სპეციალისტების უშუალო ჩართულობით შემუშავდა პროექტი, გაკეთდა მოდელირება, მათი რეკომენდაციით განხორციელდა პირველი რიგის ღონისძიებები, ხოლო რაც დეტალური პროექტის შემუშავება დასრულდა, დაგეგმილი არის სხვადასხვა სახის სამუშაოები, რომლებიც ასევე გერმანელი სპეციალისტების რეკომენდაციით დაიგეგმა. კერძოდ, მიწის გარკვეული მასის მოხსნა, მიკროხიმინჯების მონტაჟი და ანკერების მონტაჟი. ასევე ობიექტზე დამონტაჟებულია 24-საათიანი მონიტორინგის სისტემა, რომლის საშუალებითაც ხდება მუდმივად ინფორმაციის მიღება.

რაც შეეხება გზის გახსნას, დაახლოებით თვე-ნახევრიდან ორი თვის ვადაში ვგეგმავთ, რომ გავხსნათ. გზის გახსნისთვის უპირველესი მოთხოვნაა გადაადგილების უსაფრთხოება“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ირაკლი ბენდელიანმა.