დოგკოინის შემქმნელი: კრიპტო ინდუსტრიას მდიდრების კარტელი აკონტროლებს

პოპულარულ ციფრულ ვალუტა დოგკოინის ერთ-ერთმა შემქმნელმა ჯეკსონ პალმერმა საკუთარ ტვიტერზე, ციფრული ვალუტების ბაზარი უარყოფითად შეაფასა. ის ბაზარს აკრიტიკებს და ირწმუნება, რომ ამ ბაზარზე საქმიანობას აღარ აპირებს.

„ხშირად მეკითხებიან, ვაპირებ თუ არა ციფრულ ვალუტებზე მუშაობის განახლებას, ან ამ თემაზე საკუთარი მოსაზრებების გამოქვეყნებას. ჩემი პასუხია - არა“, - ამბობს პალმერი, ვინც თანამოაზრე ბილი მარკუსთან ერთად, 2013 წელს ციფრული ვალუტა დოგკოინი შეიმუშავა.

ეს იყო ერთგვარი შარჟი, რის ნიშნადაც, დოგკოინის ემბლემად შიბა ინუს ჯიშის ძაღლის გამოსახულება აირჩიეს. მაშინ პროგრამისტები ვერც წარმოიდგენდნენ, თუ მათ მიერ შექმნილი შარჟი, წლების შემდეგ, ყველაზე პოპულარული ციფრული ვალუტების ათეულში აღმოჩნდებოდა.

წლების განმავლობაში, დოგკოინის ფასი ცენტზე ნაკლები იყო, მიმდინარე წლის დასაწყისში კი 74 ცენტს მიაღწია. მაგრამ სანამ ეს მოხდებოდა, პალმერსაც და მარკუსსაც დოგკოინის საკუთარი წილები უკვე გაყიდული ჰქონდათ.

პალმერი ამბობს, რომ ამჟამად კრიპტო ინდუსტრიას უმდიდრესი ადამიანების კარტელი მართავს. ამასთან, კარტელი იყენებს საეჭვო რეპუტაციის კავშირების ქსელს, გავლენის მქონე აგენტებს და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, რათა მისთვის სასარგებლო ინფორმაცია გაავრცელოს, ამის საფუძველზე, ბაზარზე საჭირო მანიპულაციები შეასრულოს და ამით უზარმაზარი თანხები მოიპოვოს.

პალმერი ამბობს, რომ „ფინანსური ექსპლუატაცია“ ციფრულ ვალუტებამდეც არსებობდა. ის დარწმუნებულია, რომ ციფრული ვალუტების ინდუსტრია, უბრალო ადამიანებისთვის მხოლოდ წამგებიანი საქმეა. მისი თქმით, აქ არავინ არის დაცული თაღლითებისგან, რაშიც მას ბევრი ეთანხმება.