„ოქტომბერ-ნოემბრამდე ეს ფასი გვექნება“ - მწარმოებლებმა პურის ფასი 10 თეთრით გაზარდეს

პურის ფასს 10 თეთრით მოვუმატეთ, მაგრამ მაღაზიები ამ შემთხვევაში როგორ იქცევიან, პასუხისმგებელი არ ვარ. პროგნოზი ცუდი არ არის, საქართველოში კარგი მოსავალია, თუმცა ოქტომბერ-ნოემბრამდე ფასის ცვლილება მოსალოდნელი არ არის, - ამის შესახებ „საქართველოს პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ მედიაცენტრ „მთავარში“ განაცხდა.

როგორც დოლიძემ აღნიშნა, აქვს სიგნალი, რომ ზოგიერთ სუპერმარკეტში პურის ფასმა 10-ით კი არა 15 თეთრით მოიმატა.

„ჩვენ პურს ფასი მოვუმატეთ 10 თეთრით, მაგრამ მე არ ვარ პასუხისმგებელი მაღაზიები, როგორ იქცევიან ამ შემთხვევაში. იცით, ფასების ლიბერალიზაციაა, ზოგმა თავისი შეხედულებით, შეიძლება მეტიც დაადოს, რასაც ვთვლი, რომ ამ ეტაპზე არასწორი მოქმედება იქნება. რატომ მოიმატა პურის ფასმა 10 თეთრით?! თუ გახსოვთ, სუბსიდირებული 1 ტომარა ფქვილი ადრე 53 ლარად მოგვეწოდებოდა, დღეს ფქვილის ღირებულება 60-62 ლარია, მისი რენტაბელურობიდან გამომდინარეა 10 თეთრიანი სხვაობა.

არ მინდა ვინმე შევაშინო, პროგნოზი ცუდი არ არის. გვაქვს ინფორმაცია, რომ საქართველოში კარგი მოსავალია. უკვე ფოთშიც შემოვიდა საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად ხორბალიც. შეიძლება, ფქვილის ღირებულებამ დაიკლოს. გარდა ამისა, რუსეთიდანაც შემოდის ფქვილი და ბევრი მეწარმე იძენს. მინდა იცოდეთ, რომ ბევრი მეწარმე ფქვილს 57-58 ლარადაც იძენს. თუმცა ჯერჯერობით რომ ფასი დაიკლებს, ამას ვერ დაგიდასტურებთ. ოქტომბერ-ნოემბრამდე ეს ფასი გვექნება, რაიმე ცვალებადობა მოსალოდნელი არ არის“, - განაცხადა დოლიძემ.