ბაიდენი-მერკელი ჩრდილოეთი ნაკადი 2-ზე ვერ შეთანხმდნენ, თუმცა უკრაინას გარანტიებს აძლევენ

თეთრ სახლში გუშინდელ შეხვედრაზე ჯო ბაიდენი და ანგელა მერკელი რუსულ გაზსადენ ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის შესახებ ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ პირობას დებენ, რომ მოსკოვი ენერგიას მეზობლებზე ზემოქმედების იარაღად ვერ გამოიყენებს.

„კარგი მეგობრები შესაძლოა, ვერ თანხმდებოდნენ კიდეც,“ - განაცხადა ბაიდენმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომელსაც სააგენტო Reuters ავრცელებს.

პრეზიდენტმა იქვე დაამატა, რომ ორი ქვეყნის ლიდერმა თავიანთ გუნდს დაავალა, შეიმუშაონ პრაქტიკული ზომები, თუკი გაზსადენთან დაკავშირებით რუსეთის ქმედებები სახიფათო გახდება.

გერმანიის კანცლერის თქმით, რუსეთს ევროკავშირისგან სანქციები არ ასცდება, თუკი დაარღვევს პირობას და უკრაინის გავლით ევროპისთვის გაზის მიწოდებას შეწყვეტს. თავის მხრივ, ბაიდენმა ანგელა მერკელს კარგა ხნის შეშფოთება გაუზიარა, რომ ჩრდილოეთი ნაკადი 2 უკრაიანას საკმაოდ სოლიდურ სატრანზიტო შემოსავალს აკარგვინებს.

11 მლრდ დოლარის პროექტით, რუსული გაზსადენი არქტიკიდან ბალტიის ზღვის ფსკერის გავლით, გერმანიას გაზს უკრაინის გვერდის ავლით მიაწვდის. მილსადენის სამუშაოების 98% შესრულებულია. მშენებლობას რუსული ენერგეტიკული კომპანია, „გაზპრომი“ ახორციელებს.

ვაშინგტონი გერმანიისგან მოითხოვს, გამონახოს საგარანტიო შესაძლებლობები, რომ რუსეთი გაზსადენს იძულებითი მიზნებისთვის არ გამოიყენებს, რათა უკრაინას და სხვა ევროპელ მოკავშირეებს ზიანი მიაყენოს.

მაისში ბაიდენის ადმინისტრაციამ დაასკვნა, რომ პროექტის უკან მდგომი კომპანია Nord Stream 2 AG და მისი აღმასრულებელი დირექტორი სანქციების ქვეშ მოხვედრას ექვემდებარებიან, მაგრამ თეთრმა სახლმა ამაზე უარი თქვა, რადგან აშშ-ს ეროვნულ ინტერესებში გერმანიასთან გარიგება და ურთიერთობის აღდგენა შედის. ეს ურთიერთობა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს საკმაოდ დაიძაბა.

ამერიკელი კანონმდებლები მეტად ზემოქმედებენ პრეზიდენტზე, რომ ოპერატორ კომპანიაზე სანქციები დააწესოს. რესპუბლიკელმა სენატორმა ტედ კრუზმა Twitter-ზე ისიც დაწერა, რომ ელჩების პოსტებზე ბაიდენის კანდიდატებს დაბლოკავს, ვიდრე პრეზიდენტი სანქციებს არ შემოიღებს. ბაიდენის არგუმენტით, სანქციები ზედმეტი ხდება, რადგან მილსადენის მშენებლობა თითქმის დასრულებულია, თუმცა იმედოვნებს, რომ საჭირო შემთხვევაში რუსეთის წინააღმდეგ გერმანია აშშ-სთან ერთობლივად იმოქმედებს.

„უკრაინა სატრანზიტო ქვეყანა დარჩება და ბერლინს აქტიური რეაგირება ექნება, თუკი რუსეთი უკრაინის სუვერენულ უფლებას პატივს არ სცემს,“ - აცხადებს ანგელა მერკელი. კითხვაზე, თუ როგორ იზამს ამას გერმანია, მერკელმა უპასუხა, რომ ევროკავშირს, სანქციების ჩათვლით, „რიგი ინსტრუმენტი“ აქვს, რომელსაც აუცილებლად გამოიყენებს, თუკი რუსეთი უკრაინის გავლით ბუნებრივი გაზით მომარაგებას შეწყვეტს.

ჯო ბაიდენის თქმით, ორივე ლიდერი შეთანხმდა, გააგრძელონ უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ენერგოუსაფრთხოების მხარდაჭერა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ