ჯეფ ბეზოსთან ერთად კოსმოსში თინეიჯერი იმოგზაურებს

მილიარდერ ჯეფ ბეზოსის Blue Origin-ის სუბორბიტალურ კოსმოსურ ფრენაში მონაწილეობის მიღებას 18 წლის ფიზიკოსი სტუდენტი აპირებს. Reuters-ის ცნობით, მისი მამა საინვესტიციო ფირმის ხელძღვანელია და სიიდან ამოვარდნილი იმ ადამიანის ადგილი დაჯავშნა, რომელსაც მანამდე აუქციონზე 28 მლნ დოლარი ჰქონდა გამოტანილი.

კომპანია Blue Origin-მა გუშინ გაავრცელა განცხადება, რომ 4-კაციან სამოქალაქო ეკიპაჟს თინეიჯერი ოლივერ დემენიც შეუერთდება. რეისი სამშაბათს, 20 ივლისს განხორციელდება. სიიდან ამოვარდნილი აუქციონის წინა გამარჯვებულის ვინაობა არ ხმაურდება, რომლის გარიცხვის მიზეზად „დაუზუსტებელი დაგეგმვის კონფლიქტი“ სახელდება. ამ ფაქტის შემდეგ აუქციონზე ყველაზე გადამხდელუნარიანი მონაწილე ოლივერ დემენი, ანუ მამამისი გახდა.

სტუდენტის დამატების შემდეგ, ეკიპაჟი შემდგარი იქნება ყველაზე მხცოვანი, 82 წლის ნოვატორი ქალი-მფრინავის, უოლი ფანკისგან და ასევე, ყველაზე ახალგაზრდა ოლივერ დემენისგან. დანარჩენი 2 წევრი თავად ჯეფი და მისი ძმა, მარკ ბეზოსი იქნებიან.

Blue Origin-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ ოლივერ დემენს მფრინავის ლიცენზიის მიღება სურს, რათა ინოვაციების მართვისა და ფიზიკის შესასწავლად, სექტემბრისთვის ნიდერლანდების უტრეხტის უნივერსიტეტში ჩაირიცხოს. მამამისი კომპანია Somerset Capital Partners-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ჯოს დემენია. მან შვილის კოსმოსში სამოგზაუროდ დიდი თანხა გადაიხადა, თუმცა Blue Origin მის ოდენობას არ აკონკრეტებს.

„ხომალდ New Shepard-ით გაფრენით ოლივერის მთელი ცხოვრების ოცნება ასრულდება, რომელიც მთვარით, კოსმოსითა და რაკეტებით ჯერ კიდევ 4 წლის ასაკიდან მოიხიბლა,“ - წერია განცხადებაში.

შვეიცარიის ბანკ UBS-ს მონაცემებით, კოსმოსური ტურიზმის ბაზარი 10 წელიწადში 3 მლრდ დოლარი ეღირება.

სუბორბიტარული ხომალდი New Shepard სიმაღლეში 18,3 მეტრისაა და სრულად დამოუკიდებელი სარაკეტო-კაპსულური კომპლექსია. მისი მართვა შიგნიდან შეუძლებელია. გაფრენა დასავლეთ ტეხასში განხორციელდება.

კვირას ანალოგიური ფრენა ბრიტანელმა მილიარდერმა ბიზნესმენმა, რიჩარდ ბრენსონმა თავისი ხომალდით, Virgin Galactic-ით ნიუ-მექსიკოდან წარმატებით განახორციელა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ