Xiaomi-მა სმარტფონების მსოფლიო ბაზარზე Apple-ს გადაუსწრო

ჩინური ბრენდი Xiaomi სმარტფონების გლობალური გაყიდვებით, პირველად თავის ისტორიაში, მეორე ადგილზე დაწინაურდა. მან ამერიკულ Apple-ს აჯობა. ამის შესახებ ანალიტიკური კომპანია Canalys-ის ანგარიშში წერია.

ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში Xiaomi-ის წილი გლობალურ ბაზარზე 17%-მდე, მისი პროდუქციით მომარაგება კი 83%-ით გაიზარდა. ამ საანგარიშო პერიოდში Apple-ის წილი 14%-ია, მისი პროდუქციის გლობალური მიწოდება კი მხოლოდ 1%-ით გაიზარდა.

პირველ ადგილზე სამხრეთ-კორეული გიგანტი, Samsung გავიდა, რომლის წილიც გლობალურ ბაზარზე 19%-ია, მომარაგება კი 15%-ით მეტი. ტოპ 5-ში არიან ჩინური ბრენდები - Vivo და Oppo თანაბარი, 10%-იანი წილით. Vivo-ს გლობალური მომარაგება 28%-ით, Oppo-სი კი 27%-ით გაიზარდა.

Canalys-ის ანალიტიკოს ბენ სტენტონის თქმით, Samsung-თან და Apple-თან შედარებით, Xiaomi-ის სმარტფონები 40-75%-ით იაფია, რაც გაყიდვებზეც ახდენს გავლენას.

Xiaomi 2010 წელს დაარსდა. მისი სათავო ოფისი პეკინში მდებარეობს. გასული წლის დეკემბრისთვის კომპანიის საბაზრო ღირებულება 100 მლრდ დოლარს შეადგენდა.

კოკა კვირკველია