ჩინეთმა ღორის ფერმები კვლავ აღადგინა და ხორცის იმპორტს ანახევრებს

სააგენტო Bloomberg ვარაუდობს, რომ ჩინეთი ღორის ხორცის იმპორტს ივლისი-დეკემბრის პერიოდში, წლის პირველ ნახევართან შედარებით, 50%-ით შეამცირებს. ჩინეთმა შიდაწარმოება გაზარდა და ქვეყნის ბაზარზე ღორის ხორცი მეტად გაიაფდა. სააგენტოს შეფასებით, იმპორტის განახევრება ხორცის გლობალურ ფასზე წნეხს მოხსნის და ხორცპროდუქტებს, რომელსაც მსოფლიო სასურსათო ბაზარზე დიდი ადგილი უკავია, გააიაფებს.

„პროტეინების ძირითადი სახეობების უმსხვილესმა იმპორტიორმა მსოფლიოში შესაძლოა, უცხოური შესყიდვები 50%-ზე მეტად შეამციროს, რადგან ადგილობრივი მომარაგება გაცილებით იაფია, ვიდრე უცხოური მიწოდება,“ - აცხადებს სოფლის მეურნეობის სფეროს დამოუკიდებელი საკონსულტაციო კომპანია China-America Commodity Data Analytics-ის ხელმძღვანელი, ჯიმ ჰუანგი.

მისი მონაცემებით, წელს ჩიკაგოში მსოფლიო საკონტროლო ფიუჩერსები ღორის ხორცზე 25%-ზე მეტად გაიზარდა. მიზეზი ხორცზე და ღორის საკვებზე დიდი მოთხოვნა იყო. ამისგან განსხვხავებით, ჩინეთში შიდამომარაგების გაზრდის ხარჯზე, ღორის ხორცზე ფასმა 50%-ზე მეტად მოიკლო, რადგან შინაური ფერმები აფრიკული ღორის ჭირის შემდეგ აღდგა. ჯიმ ჰუანგი ამბობს, რომ დღეს ამერიკული ღორის ხორცი, ფასისა და ტრანსპორტირების ხარჯის გამო, გაცილებით ძვირია, ვიდრე ჩინური. მთავრობას უკვე შეუძლია, ადგილობრივი ბაზრისთვის სახელმწიფო რეზერვები იაფად შეავსოს.

„ჩინური იმპორტის განახევრება შესაძლოა, მომგებიანი გახდეს მომხმარებლებისთვის მთელ მსოფლიოში, რადგან ხორცზე, მარცვლეულსა და ზეთზე ფასების მატებამ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში სასურსათო პროდუქციის გაძვირება განაპირობა, რამაც 2011 წლიდან ყველაზე მაღალ დონეს მიაღწია,“ - წერს Bloomberg.

სააგენტოს ქვეყნის სტატისტიკის ბიუროს მონაცემები მოჰყავს, რომლის მიხედვითაც, წლის პირველ ნახევარში, ჩინეთში ღორის ხორცის წარმოება, შარშანდელთან შედარებით, 36%-ით, 27 მლნ ტონამდე გაიზარდა. ივნისის ბოლოსთვის, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ღორის ერთეული 30%-ით, 439 მილიონამდე გაიზარდა.

საბაჟო სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, 2020 წლის განმავლობაში ჩინეთში იმპორტირებულმა ღორის ხორცმა რეკორდულ მაჩვენებელს, 4,4 მლნ ტონას მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით, 2-ჯერ მეტია. მიმდინარე წლის პირველ 5 თვეში უცხოეთში შესყიდვებმა 14%-ს, თითქმის 2 მლნ ტონა ხორცს მიაღწია. მთავარი მიმწოდებლები ესპანეთი, ბრაზილია და აშშ იყვნენ.

საკონსულტაციო კომპანია Bric Agriculture Group-ის უფროსი ანალიტიკოსი, ლინ გოფა აცხადებს, რომ სახელმწიფო რეზერვებისთვის მთავრობა ღორის ხორცს უკვე შიდა ბაზარზე ყიდულობს. მაგალითად, ამ კვირაში 13 000 ტონა შეისყიდა, წინა კვირას კი - 17 000 ტონა.

„ამ წლის დადგომამდე, მთავრობა სწორედ რეზერვებიდან ყიდდა ღორის ხორცს, რათა აფრიკული ჭირის გამო განახევრებული ბაზარი და მაღალი ფასები გაეგრილებინა,“ - აცხადებს ლინ გაფო. მისი მონაცემებით, 2020 წელს პეკინმა რეზერვებიდან 670 000 ტონა ღორის ხორცი გაიტანა, რაც წელს იმპორტირებული ოდენობის 15%-ის ექვივალენტურია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ