რემბრანდტის დაკარგული 240 მილიონ დოლარიანი ნახატი “შემთხვევით“ იპოვეს

რემბრანდტის ორიგინალი ნახატი, რომელიც შემთხვევით აღმოაჩინეს, ახლა საგულდაგულოდ არის დაცული.

ჰოლანდიელმა მხატვარმა რემბრანტ ჰარმენცუნ ვან რინმა, რომელიც ცნობილია როგორც რემბრანდტი, ეს ნამუშევარი 1632-1633 წლებში დახატა. ტილოზე გამოსახულია სამი ბრძენი, რომლებიც დაბადების შემდეგ ჩვილ იესოს სტუმრობენ.

CNN– ის ინფორმაციით, მკვლევარები დიდი ხნის განმავლობაში თვლიდნენ, რომ ნამუშევარი დაკარგული იყო და მისი პოვნის იმედი არც ჰქონდათ. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ეგზემპლარი, რომელიც რემბრანდტის ტილოს ასლი ეგონათ, იტალიაში, ერთ-ერთ ძველ სასახლეში იყო ჩამოკიდებული. 2016 წელს ხელოვნების ნიმუში კედლიდან ჩამოვარდა და განახლება დასჭირდა, იგი რესტავრატორს ანტონელა დი ფრანჩესკოს გაუგზავნეს. სწორედ დი ფრანჩესკომ იეჭვა, რომ ეს შეიძლება არა ასლი, არამედ ორიგინალი ყოფილიყო.

ტილოს გაწმენდის შემდეგ დადგინდა, რომ ხელოვნების ნიმუში რემბრანდტის ორიგინალური ნამუშევარი იყო. იგივე დაადასტურა რომში დაფუძნებულმა ვილა მედიჩის საფრანგეთის აკადემიამ.

Hill იუწყება, რომ ოჯახი, რომელიც რემბრანდტის ნახატს ფლობს, მის გაყიდვას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ ტილო 240 მილიონ დოლარად შეფასდა. ოჯახი მზად არის ნახატი გამოსაფენად მუზეუმებსა და გალერეებს დროებით გადასცენ.

რემბრანდტი ოქროს ხანის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მხატვარია. მე -17 საუკუნის მხატვარი ცნობილია ფართო სპექტრის თემატიკის გამოსახულებით და სხვადასხვა სტილის გამოყენებით, მათ შორის ავტოპორტრეტებით, ბიბლიური დეკორაციებით და პეიზაჟებით. იგი 1606-1669 წლებში ცხოვრობდა.

თეონა რამაზაშვილი