ადამიანებს ფიზიკური მუშაობა არ უნდათ, კაბინეტურ საქმეს არჩევენ... - „კავკასუს როუდ პროჯექტი“ სექტორში კადრების დეფიციტზე

სამშენებლო სექტორში კადრების მინიმუმ 10%-იანი დეფიციტია - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „კავკასუს როუდ პროჯექტის“ დამფუძნებელმა პაატა ტრაპაიძემ განუცხადა. მისივე თქმით, გარდა კადრებისა, დღეს მთავარი პრობლემა სამშენებლო მასალებზე გაზრდილი ფასებია.

„ჩვენს სამშენებლო ინდუსტრიაში პრობლემაა, რომ პროექტები მზადდება 1-2 წლით ადრე, ხარჯთაღრიცხვა მაშინდელი ფასებითაა გაკეთებული, მაშინ, როცა მაგალითად, არმატურის ფასი 100%-ით არის გაზრდილი.

მეორე და მუდმივი გამოწვევა ჩვენი სექტორისთვის სახელმწიფო ტენდერებია. ჩვენ ვმონაწილეობთ საქართველოში მცირე მასშტაბის ტენდერებში და ვიგებთ კიდეც, თუმცა ქართული კომპანიები ვერ ვერთვებით დიდ პროექტებში.

მაშინ როცა იგივე სომხეთში, ჩვენ მოვიგეთ ტენდერი და ახლა, მიმდინარე პროექტია სომხეთში ხიდის მშენებლობა. ხომ ყველას გვესმის, რომ უცხოეთში არავინ გვაჩუქებდა ტენდერს. საუბარია ფართომასშტაბიან პროექტზე და ხიდზე ერევანში, რომელიც არ არის უფრო მცირე მოცულობის, ვიდრე რიკოთის უღელტეხილზე მშენებარე ხიდები. საწყენია, რომ ჩენ ერევანში ვაშენებთ და ვასრულებთ დეკემბერში მშენებლობას და ამ დროს საქართველოში ჩინელები აშენებენ“, - განაცხადა ტრაპაიძემ.

მისივე თქმით, ფინანსურ პრობლემებთან ერთად, ბაზარზე კადრების 10%-იანი დეფიციტიცაა.

,„გარდა ფინანსური პრობლემებისა, სამშენებლო სექტორში დღეს, კადრების დეფიციტია. სამუშაოების მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და ამ დროს მოსახლეობის გადამზადება არ ხდება სათანადოდ. არის კვალიფიკაციის პრობლემაც და ასევე, მსურველების, ადამიანური რესურსისაც. მოსახლეობას დიდად მუშაობა არ უნდა მტვრიან და ფიზიკურ სამუშაოზე. კაბინეტურ საქმეს უფრო არჩევენ. ამიტომ, დღეს ბაზაზე მინიმუმ 10%-იანი კადრების დეფიციტია“- განაცხადა ტრაპაიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“.

თამარ მუკბანიანი