„შარშანდელთან შედარებით, 10-15%-ით მეტ მოსავალს ველოდებით“- თხილის მწარმოებელთა ასოციაცია

თხილის აღებამდე თვეზე ნაკლები რჩება. გასულ წელს, საქართველომ 50 000 ტონა თხილის მოსავალი აიღო. რა მოსავალს ელოდება წელს ქვეყანა და რა ეღირება ქართული თხილი, ,,ბიზნესპრესნიუსთან“ თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ისაუბრა.

გიორგი თოდუა ამბობს, რომ მოსავალი 10-15%-ით მეტი უნდა იყოს.

,„სადაც თხილი იწარმოება, ყველა რეგიონში დადებითი მოლოდინი გვაქვს. შარშანდელთან შედარებით, 10-15%-ით მეტი იქნება მოსავალი. მოლოდნი გვაქვს იქედან გამომდინარე, რომ წლიდან-წლამდე მოვლა და აგრო-ღონისძიებების ჩატარება უფრო მაღალ სტანდარტზე გადის. დღეის მდგომარეობით, ჩვენთან გაწევრიანებულია 28 000 ფერმერი და ვმუშაობთ იმაზე, რომ ჩავრთოთ მცირე ფერმერებიც, რომლებსაც ნახევარ ჰა-ზე ნაკლებზე თხილის ბაღები აქვთ.

გასულ წლებში, თუ პრიორიტეტი იყო თხილის გადარჩენაზე მუშაობა, წელს გვინდა, რომ ორიენტირებული ვიყოთ პრემიუმ ხარისხზე. ნებისმიერი პროდუქტი ხარისხებად იყოფა და არ გვინდა, რომ ქართული თხილი იყოს საშუალო სტანდარტის. გასულ წელს, ფასები 3 ლარიდან დაიწყო და ხარისხის მიხედვით 9.70 თეთრს მიაღწია. ფასები წელსაც ხარისხის მიხედვით იქნება, თუმცა ბაზარზე ფასს დიდწილად მაინც თურქეთის მოსავალი ადგენს. ამიტომ, ჯერ კონკრეტული ფასი განსაზღვრული არ არის“, - აცხადებებს თოდუა.

მისივე თქმით, ქვეყანას აქვს პოტენციალი, თხილის მოსავალი გააორმაგოს.

,,სულ იქნება მავნებლები და დაავადებები. ასე იყო ყოველთვის. მუდმივად მოგვიწევს მცენარეთა დაცვა. მართალია, ჩვენი პირველი პრობლემა, ფაროსანა უკვე მართვადია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ წამლობა და მოვლა უნდა შევწყვიტოთ. როცა ვესაუბრებით ჩვენს ფერმერებს, ვეუბნებით, რომ უნდა განვვითარდეთ, არ უნდა დაგვაკმაყოფილოს 50-60 ათასმა ტონამ და მესამე ადგილზე ყოფნამ თურქეთთან და იტალიასთან ერთად თხილის ბაზარზე. არსებობს, მოსავლის გაორმაგების პოტენციალი, რის შემდეგაც შეგვიძლია მეორე ადგილზე გვქონდეს პრეტენზია, ამას გეგმაზომიერად რამდენიმე წელი დასჭირდება“, - ამბობს თოდუა ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

ცნობისთვის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, გასულ წელს საქართველოდან თხილის ექსპორტი 49%-ით გაიზარდა. საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მონაცემებით კი, 2020 წელს თხილის მოსავალმა 50 ათასი, ხოლო 2019 წელს 35 ათასი ტონა შეადგინა.

თამარ მუკბანიანი