საქართველოში შესაძლოა, 50 მლნ-იანი სპეციალიზებული რეზერვი შეიქმნას - რას მოხმარდება თანხა

საქართველოში შესაძლოა, 50 მლნ-იანი სპეციალიზებული რეზერვი შეიქმნას. აღნიშნული საკანონმდებლო წინადადებით, პარლამენტს მოქალაქე დავით მებაღიშვილი მიმართავს.

წინადადების ავტორის შეფასებით, ეს თანხა უნდა მოხმარდეს იმ მოქალაქეებს, რომელთაც თანხა საზღვარგარეთ მკურნალობისთვის დასჭირდებათ. ამასთან, როგორც საკანონმდებლო წინადადებაში ვკითხულობთ, გასულ წელს ჯანდაცვის სამინისტროში საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსების 474 მოთხოვნა შევიდა, აქედან 307 შემთხვევაში უწყებამ ჩათვალა რომ მოქალაქის დაფინანსება აუცილებელი იყო მკურნალობის უცხოეთში გასაგრძელებლად, თუმცა, მოქალაქეთა მიერ სამკურნალოდ მოთხოვნილი თანხა 41 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო უწყებამ მხოლოდ 5,7 მლნ ლარით შეძლო მათი დახმარება.

„საკანონმდებლო წინადადებით ვითხოვთ სპეციალიზებული რეზერვის შექმნას 50 მლნ ლარის ოდენობით, რაც მიმაჩნია, რომ საჯარო პოლიტიკის დაგეგმისას საკითხს პრიორიტეტულად აქცევს. ეს კი ერთი მხრივ დაიცავს საქართველოს იმ მოქალაქის სიცოცხლეს, რომლის მკურნალობაც არ ხდება ქვეყანაში, მეორეს მხრივ ყველა მოქალაქეს სამშობლოს რწმენას შემატებს,“-აღნიშნულია საკანონმდებლო წინადადებაში.

ბიუროს გადაწყვეტილებით, ეს წინადადება ჯანდაცვის კომიტეტმა უნდა განიხილოს და გადაწყვეტილება ბიუროს აცნობოს.

თაია არდოტელი