რუსული ხორბალი უცხოელ მომხმარებელს კარგავს

რუსი ექსპორტიორები საზღვარგარეთ საკუთარი პროდუქციის მომხმარებლის დაკარგვის რისკის წინაშე დგანან.

რუსული მედიის ცნობით, თურქეთმა უკვე განაცხადა, რომ იძულებული იქნება მარცვლეულის იმპორტიორი ევროპაში ეძებოს, თუ რუსულ ხორბალზე შეზღუდვები ორ თვეზე მეტხანს გასტანს. ცენტრალური ანატოლიის მარცვლოვანი კულტურების ექსპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელის თურგაი უნლიუს განცხადებით, რუსეთში შეძენილ ხორბალს თურქეთი ფქვილად ამუშავებს და სხვა ქვეყნის ბაზრებზე ექსპორტზე გააქვს.

”ეს წელიწადში დაახლოებით 2 მილიონი ტონა მარცვლეულია, რაც ჩვენი იმპორტის მთლიანი მოცულობის 65-70%-ია. საშუალოვადიან პერსპექტივაში ეს დაახლოებით ორი თვის სამყოფია და მიწოდებასთან დაკავშირებით პრობლემები არ გვექნება. თუმცა, თუ შეზღუდვები მომავალშიც გაგრძელდება, თურქული ექსპორტი დაზარალდება”, - აღნიშნა თურგაი უნლიუმ.

”რუსეთის სარკინიგზო გზებმა” უცხოეთის ქვეყნებში მარცვლეულის ექსპორტზე შეზღუდვები გასულ კვირას დააწესეს. თუმცა, რა მიზეზით, ამაზე კომენტარს ”რუსეთის სარკინიგზო გზების” წარმომადგენლები არ აკეთებენ. რუსი ექსპერტების შეფასებით, ექსპორტზე აკრძალვები პარტნიორებთან კონტრაქტების გაწყვეტასა და მწარმოებელთა დაკარგვას გამოიწვევს.

”მიწოდების შეჩერება საექსპორტო ჯარიმას გამოიწვევს, ტონაზე 40 დოლარის სახით, რაც საერთო ჯამში 2 მილიონი დოლარი იქნება 50 ათას ტონიან ხომალდზე. რუსეთიდან ერთ დღეში კი დაახლოებით 100 ათასი მარცვლეულის ექსპორტირება ხდებოდა”, - აღნიშნავს მარცვლეულის მწარმოებელი ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის წარმომადგენელი.

”ინტერფაქსის” ინფორმაციით, მარცვლეულის წამყვანმა ექსპორტიორებმა უკვე შეწყვიტეს შესყიდვები ექსპორტისთვის, რუსეთის შიდა ბაზარზე ვითარების სტაბილიზაციამდე. რუსული სააგენტოს ცნობით, როგორც სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის ეროვნული ასოციაციის მიერ გავრცელებულ დოკუმენტშია აღნიშნული, ასოციაციის წევრები - მარცვლეულის ექსპორტიორები წყვეტენ ექსპორტისთვის მარცვლეულის შეძენას, ვიდრე არ დასტაბილურდება ვითარება და შიდა ბაზარზე მისი ფასები.

რუსული მედიის ცნობით, რუსეთში სეზონის განმავლობაში ხორბალზე ფასი 50%-ით გაიზარდა. ამასთან დაკავშირებით ანალიტიკოსები პურზე ფასების 10%-ით მატებას ვარაუდობენ.