მეცნიერების საგანგაშო კვლევა - პირველად ისტორიაში ამაზონის ჯუნგლები უფრო მეტ ჟანგბადს მოიხმარს, ვიდრე გამოყოფს

ამაზონის ჯუნგლებს ხშირად დედამიწის ფილტვებსაც უწოდებენ. მილიონობით ჰექტარ ტყის მასივში უამრავი მცენარე იზრდება, რომლებიც პლანეტას საკმაოდ დიდი მოცულობის ჟანგბადით ამარაგებენ.

ბოლო ათწლეულებში ამაზონის ჯუნგლებში ხეების ჭრა განსაკუთრებით ინტენსიური გახდა, რასაც ბრაზილიის ხელისუფლება ქვეყნის ეკონომიკური განვითარებით ამართლებს. ამას გარდა, კლიმატური ცვლილების გამო, ტემპერატურის ზრდამ ამაზონის ჯუნგლებში ხანძრების გახშირება გამიწვია, რამაც ასობით ჰექტარი ტყის მასივი გაანადგურა.

გამოცემა The Guardians ჟურნალ Nature-ზე დაყრდნობით საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ბრაზილიაში ინტენსიურმა ხანძრებმა გარემოში იმ რაოდენობის ნახშირორჟანგის გამოყოფა გამოწვია, რომ ამაზონის ჯუნგლების მიერ გამოყოფილი ჟანგბადის რაოდენობას გადააჭარბა.

კვლევის თანახმად, ყოველწლიურად ამაზონის ტროპიკული ტყეებიდან 1 მილიარდ ტონაზე მეტი ნახშირორჟანგი გამოიყოფა, რისი ძირითადი წყაროც ტყის ხანძრებია.

გამოცემა წერს, რომ საერთაშორისო კრიტიკის მიუხედავად ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ მაინც მიიჩნევს, რომ ტყეების გაჩეხვა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის სასარგებლოა. მისი თქმით, ხის მასალის გაყიდვა და გასუფთავებულ ტერიტორიაზე სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოყვანა ბრაზილიის ეკონომიკისთვის სწრაფი ზრდისთვისაა აუცილებელი.

”პირველი ძალიან ცუდი ამბავი ის არის, რომ ტყის გადაწვისას დაახლოებით სამჯერ მეტ CO2 გამოიყოფა, ვიდრე ნორმალურ შემთხვევაში. მეორე ცუდი ამბავი ის არის, რომ იმ ადგილებში, სადაც ტყეების გაჩეხვა 30% ან მეტია, ნახშირორჟანგის გამოყოფა 10-ჯერ მეტია, ვიდრე იმ ადგილებში, სადაც ტყეები ნაკლებად იჩეხება.“- აცხადებს ბრაზილიის კოსმოსური კვლევების ეროვნული ინსტიტუტის მეცნიერი ლუსიანა გატი.

ის მოუწოდებს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს ამაზონის ტროპიკული ტყეების გადარჩენის მიზნით ბრაზილიის ხე-ტყის მასალა დაბლოკონ, რათა ხეების ინტენსიური ჭრა შეჩერდეს.

ბექა ბერიაშვილი