Stellantis-ი ჯორჯო არმანისთან მოლაპარაკებებს მართავს - იტალიელი ავტომწარმოებლები მოდის ინდუსტრიაში შედიან

სააგენტო Reuters-ის ექსკლუზივით, ფრანგულ-იტალიური ავტომწარმებელი Stellantis-ი მოდის ინდუსტრიაში შესვლას გეგმავს. კონცერნის ხელმძღვენელი, ჯონ ელკანი, რომელიც იტალიური ოჯახის, Agnelli-ის მემკვიდრეა, მოდის დიზაინერ ჯორჯო არმანისთან მისი ინდუსტრიის შესყიდვის შესახებ მოლაპარაკებებს მართავს. ელკანმა 87 წლის არმანის მილანური მოდის სახლის მინორიტული აქციათა პაკეტის შესყიდვა შესთავაზა.

არაოფიციალური მოლაპარაკებების ფარგლებში, რომელშიც არც ერთი ბანკი არ მონაწილეობდა, ავტომწარმებლების წინადადებაზე ჯორჯო არმანიმ თვის დასაწყისში უარი ერთხელ უკვე განაცხადა, თუმცა Agnelli-ის ოჯახი მაინც თავისას ცდილობს, რადგან გარიგება მას მოდის ინდუსტრიაში, ფრანგულ Arnaults-სა და Pinaults-ის გვერდით, მსხვილ მოთამაშედ აქცევს.

ანალიტიკოსები Armani-ს 6 მლრდ ევროდ (7,09 მლრდ დოლარად) აფასებენ. სააგენტოს წყაროს ცნობით, შესაძლო გარიგება საინვესტივციო ფირმა Exor-ის საშუალებით ან მის მიერ კონტროლირებადი კომპანია Ferrari-ის ბაზაზე განხორციელდება.

„ეს ნაბიჯი მიუთითებს იმაზე, რომ Fiat Chrysler-ის დამფუძნებლებს, რომლებთაც Exor-ის 53% ეკუთვნით, ავტოინდუსტრიის საზღვრებს გარეთ გასვლა და ფუფუნების საგნების ბაზარზე წარმომადგენლობის გაზრდა სურთ,“ - წერს Reuters.

Exor-მა მოდის ბაზარზე მარტში შეაბიჯა, როცა ლაქირებული წითელძირიანი ფეხსაცმლის ფრანგული ბრენდის, Christian Louboutin-ის აქციათა 24% შეისყიდა. გარიგების ღირებულება 2,25 მლრდ ევროს შეადგენდა. გასულ წელს Exor ჩინური ფუფუნების ფირმა Shang Xia-ს მსხვილი აქციონერი გახდა, რომლის თანადამფუძნებელიც ფრანგული კომპანია Hermes-ია.

აღსანიშნავია, რომ ელეგანტური კოსტუმებითა და საღამოს კაბებით ცნობილ ბრენდ Armani-ის მიმართ ინტერესს ავლენენ ფრანგული ფუფუნების საგნების კომპანიები, LVMH და Kering-იც, მაგრამ როგორც ჯორჯო არმანი აცხადებს, მას კომპანიის უცხოელებისთვის მიყიდვა არ სურს. აპრილში მან ამერიკულ ჟურნალ Vogue-ს განუცხადა, რომ ძალისხმევის გაერთიანებას მხოლოდ სხვა იტალიურ კომპანიასთან განიხილავს.

„COVID-19-მა იძულებული გაგვხადა, თვალები გაგვეხილა,“ - აცხადებდა Vogue-თან ინტერვიუში ჯორჯო არმანი.

2019 წელს, 3-წლიანი ვარდნის შემდეგ, მილანური მოდის სახლის სუფთა შემოსავალი 2,3%-ით, 2,16 მლრდ ევრომდე გაიზარდა. კომპანიას 2020 წლის შემოსავლების შესახებ მონაცმები ჯერ არ გამოუქვეყნებია. Reuters-ის შეფასებით, Armani-ის საბაზრო ღირებულებამ, რომელიც მის გაყიდვებს 3-ჯერ აღემატება, შესაძლოა, 8 მლრდ ევროსაც მიაღწიოს.

ჯორჯო არმანის შვილები არ ჰყავს, ამიტომ 2016 წელს მან დააარსა ფონდი, რომელმაც მემკვიდრეობის საკითხი უნდა მოაგვაროს და მოდის სახლის კაბალურ გაყიდვასა და მისი ბიზნესის დანგრევას ხელი შეუშალოს. ივნისში, მამაკაცის ტანსაცმლის ბოლო კოლექციის დემოსტრაციის დროს, არმანიმ მემკვიდრეობაზე მიანიშნა, რომ ამ საკითხს თანაშემწეების ახლო წრეში მოაგვარებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ