ევროკავშირი სომხეთს 2,6 მილიარდ ევროს მისცემს

ევროკავშირი სომხეთს 2,6 მლრდ ევროს ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა.

„ჩვენ თქვენს გვერდით ვართ და ვადასტურებთ, რომ სომხეთი მიიღებს 2,6 მლრდ ევროს ფინანსურ დახმარებას, რათა ხელი შეუწყოს ქვეყნის ინტერესების განხორციელებას. ეს არის ინფრასტრუქტურა, ციფრული ტექნოლოგიები, კლიმატი, ტრანსპორტი, დემოკრატიული რეფორმები,“ - განაცხადა მიშელმა ნიკოლ ფაშინიანთან ერთობლივ ბრიფინგზე ერევანში.

მისი თქმით, ევროკავშირი სამხრეთ კავკასიის პრობლემების მოგვარებაში აქტიურად ჩაებმება და მეტად განამტკიცებს კავშირს რეგიონთან.

შარლ მიშელი აცხადებს, რომ ევროკავშირი ხელს შეუწყობს ეუთოს ფორმატში მინსკის ჯგუფის მუშაობას, რომელიც ყარაბაღის კონფლიქტის მოსაგვარებლად შეიქმნა.

„ჩვენ გავააქტიურებთ მუშაობას რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის. ვიმედოვნებთ, რომ მოხერხდება ისეთი პრობლემების გადაჭრა, როგორიცაა ტყვეებისა და დანაღმული ველების რუკების გაცვლა, დემარკაციისა და საზღვრის დელიმიტაციის საკითხები. ვიმედოვნებთ, რომ მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით სადავო ტერიტორიებიდან საჯარისო შენაერთების გაყვანას მივაღწევთ, რათა დაიწყოს მსჯელობა თანამშრომლობასა და სატრანსპორტო კომუნიკაციების აღდგენაზე. ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკურ აქტივობას. მშვიდობიანი მოლაპარაკებები აუცილებელია. ევროკავშირი მზადაა, იდგეს თქვენს გევრდით და პრობლემების მოგვარებაში კონსტრუქციული პარტნიორი იყოს, თქვენთან ერთად ხელი შეუწყოს დემოკრატიული ღირებულებების გატარებას,“ - განაცხადა მიშელმა.

კოკა კვირკველია