დავით ნარმანია: "სი თი პარკი" დიდი ხანი ვეღარ გაჩერდება თბილისში

"სი თი პარკი" დიდი ხანი ვეღარ გაჩერდება თბილისში, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ "პალიტრა ტვ"-ს გადაცემა "რეზიუმეში" სტუმრობისას განაცხადა.

საცობებისა და დედაქალაქის ქუჩების განტვირთვაზე საუბრისას, გადაცემის წამყვანის, მერაბ მეტრეველის შეკითხვაზე, რას აკეთებს "სი თი პარკი", დედაქალაქის მერმა უპასუხა, რომ "სითი პარკი" ფულს აკეთებს და მეტს არაფერს.

"სი თი პარკი" დიდი ხანი ვეღარ გაჩერდება თბილისში. ჩვენ ახლა მალე ვამთავრებთ "სი თი ფარკთან" გაფორმებული ხელშეკრულების სამართლებრივ და ფინანსურ ანალიზს და შესაბამის რეკომენდაციებს, რომელსაც ჩვენი დაკვეთით ახორციელებს უცხოური აუდიტორული კომპანია "ერნსტ ენდ იანგი". მის დასკვნაზე მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული ჩვენი შემდგომი ნაბიჯები. ძალიან კაბალური ხელშეკრულებაა, თუმცა "ერნსტ ენდ იანგ"-თან გაფორმებული ხელშეკრულება გულისხმობს, რომ მათგან მივიღოთ მიუკერძოებელი დასკვნა და რეკომენდაცია ამასთან დაკავშირებით. ერთი რამ, რაც ნამდვილად ვიცით და რაც ყველაზე მძიმეა - ეს არის მანქანების საჯარიმო სადგომზე გადაყვანა. ანუ სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება, რასაც ხშირ შემთხვევაში დამატებით დისკომფორტი მოჰყვება. ეს ქალაქის ბიუჯეტზე არანაირად არ მოქმედებს, ანუ ის 60 ლარი, რასაც მოქალაქეები იხდიან, ქალაქის ბიუჯეტში არ შემოდის. ის 60 ლარი პირდაპირ "სი თი პარკის" ბიუჯეტში ირიცხება, მხოლოდ 10 ლარიანი ჯარიმის ნაწილი შემოდის თბილისის ბიუჯეტში. ამიტომ ჩვენ "სი თი პარკთან" ძალიან მძიმე საუბარი გვაქვს და ასეთივე ფორმით გაგრძელდება, რომ მივაღწიოთ, რაც სჭირდება ქალაქს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.