1-ლი მაისიდან 18 ივლისის ჩათვლით, ატმისა და ვაშლატამას ექსპორტმა 13,322 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

მიმდინარე წლის 1 მაისიდან 18 ივლისის ჩათვლით პერიოდში განხორციელდა 15,069 ტონა ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 13,322 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მოცულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6,034 ტონით (67%), ხოლო ღირებულება - 5 მილიონ 229 ათას აშშ დოლარით (65%) გაიზარდა.

ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთსა (9,378) და სომხეთში (4,757 ტონა), ასევე, მცირე რაოდენობით აზერბაიჯანში (269 ტონა), უკრაინაში (337 ტონა), მოლდოვაში (116 ტონა), ბელარუსში (99 ტონა), ყაზახეთსა (95 ტონა) და სლოვენიაში (18 ტონა).