ქართული პროდუქციის ექსპორტი 27,6%-ით გაიზარდა - რა პროდუქტს და სად ვყიდით ყველაზე დიდი რაოდენობით

2021 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 1,884 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 25.2 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. საქსტატის ცნობით, ექსპორტი რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი), მთლიანი ექსპორტის 73.1 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 27.6 პროცენტით გაიზარდა და 1, 377 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა.

2021 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 79.8 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია:

  • ჩინეთი (274.0 მლნ. აშშ დოლარი)
  • რუსეთი (239.5 მლნ. აშშ დოლარი)
  • თურქეთი (155.6 მლნ. აშშ დოლარი).

ამასთან, 2021 წლის იანვარ-ივნისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 391.0 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 28.4 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 186.3 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 13.5 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 103.4 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.5 პროცენტი).