OPEC+  ნავთობმოპოვების გაზრდაზე შეთანხმდა - მიზანი პანდემიამდელ დონემდე მიღწევაა

CNN-ის ცნობით, გუშინდელ სხდომაზე OPEC+ ქვეყნებმა ნავთობმოპოვების გაზრდაზე შეთანხმებას მიაღწიეს. OPEC+ ნავთობის მთლიან მოპოვებას ყოველთვიურად დღეში 400 000 ბარელით გაზრდის, რაც ძალაში 1-ლი აგვისტოდან შევა. დეკემბერში ორგანიზაციის ნავთობმომპოვებელი და მოკავშირე ქვეყნები ისევ შეიკრიბებიან, ბაზრის მონაცემებს შეაფასებენ და შემდგომ გადაწყვეტილებებს მიიღებენ.

OPEC+ ქვეყნებმა შეთანხმხებას მას შემდეგ მიაღწიეს, რაც საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს განცხადება გავრცელდა, რომ მომარაგების გაზრდაზე მსხვილ მომპოვებელ სახელმწიფოებს შორის შეუთანხმებლობა საწვავზე ფასებსა და ინფლაციას არნახულად გაზრდიდა, ასევე, შეანელებდა კოვიდპანდემიის შემდგომი ეკონომიკური აღდგენის პროცესს.

ორი კვირის წინ ნავთობზე ფასმა მკვეთრად მოიმატა მას შემდეგ, რაც OPEC+ სხდომაზე მთავარი მომპოვებლები, საუდის არაბეთი და გაერთიანებული ემირატები მსოფლიო მოთხოვნილების ზრდის პირობებში, ნავთობმოპოვების გაზრდის გეგმაზე ვერ შეთანხმდნენ. ახალი შეთანხმებით მათ დავას წერტილი დაესვა.

შეთანხმების მიხედვით, მოპოვების შემცირება უქმდება, რომელიც OPEC+ პანდემიის დასაწყისში დააწესა, რაც ნიშანია იმის, რომ ნავთობმოპოვება შესაძლოა, პანდემიამდელ დონეს დაუბრუნდეს. გასული წლის გაზაფხულზე ნავთობზე ფასი ჩამოიშალა, როცა მსოფლიოს ჯანდაცვის სფეროში რეალური კრიზისი დაუდგა. შარშან მაისში კოვიდპანდემიის გამო OPEC+ ნავთობმოპოვება დღეში 10 მლნ ბარელით შეამცირა და შეზღუდვის ეს ზომა 2022 წლის აპრილამდე ეტაპობრივად უნდა შეცვლილიყო. დღეში შემცირება 5,8 მლნ ბარელით ხდებოდა და გუშინდელ შეთანხმებამდე OPEC+ მოპოვებას მხოლოდ თანდათანობით, ეტაპობრივად ზრდიდა.

„დღეს, როცა ეკონომიკა კვლავ იხსნება, ნავთობზე მოთხოვნა სწრაფად იზრდება და OPEC+ ცდილობს, ტემპს არ ჩამორჩეს,“ - იუწყება CNN.

ივნისში აშშ-ში 1 ბარელი ნავთობის ფასმა, პირველად 3 წლის განმავლობაში, 70 დოლარს მიაღწია, ხოლო მსოფლიო ეტალონის, Brent-ის მარკის ნავთობის ამჟამინდელი ფასი ბარელზე 73 დოლარს შეადგენს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ