„4 წელია წამლის კანონი მუშავდება და საშველი არ დაადგა“- სერგო ჩიხლაძე

„ყველას ჩვენს მაგალითზე შეგვიძლია მოყოლა, როგორ აქვს საქართველოში ნაყიდ ვითომ ბრენდულ წამალს სხვა ეფექტი, საზღვრებს გარეთ ნაყიდისგან განსხვავებით“, - ამის შესახებ, რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთმა ლიდერმა ისაუბრა.

სერგო ჩიხლაძის თქმით, პრობლემა ფასთან ერთად, წამლის ხარისხიცაა.

,,ევროკავშირის ყველა ქვეყნაში არსებობს რეგულაციები წამლის ბაზარზე. არა მგონია, იქ ამით ბიზნესს ებრძოდეს ვინმე. აქ საუბარია თამაშის საერთო წესებზე, რომლებზეც უნდა შევთანხმდეთ და რომელზეც 20 წელია არავინ შეთანხმებულა ჩვენთან, ვისაც რა ფასი უნდა, ისე ყიდის წამლებს. 4 წელია კანონი მუშავდება და საშველი არ დაადგა.

ფასთან ერთად, უმნიშვნელოვანესია ხარისხის პრობლემაც. ყველას ჩვენს მაგალითზე შეგვიძლია მოყოლა, როგორ აქვს საქართველოში ნაყიდ ვითომ ბრენდულ წამალს სხვა ეფექტი, საზღვრებს გარეთ ნაყიდისგან განსხვავებით“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტმა, საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაც შეაფასა. მისი თქმით, ოჯახების მიერ დახარჯული თანხებიც კი, პროგრამის ამოქმედების შემდეგ კატასტროფულად გაზრდილია.

,,მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ბოლო 2021 წლის კვლევაში, რომელიც არ გასაჯაროვდა, წერია, რომ საყოველთაო ჯანდაცვის ამოქმედების შემდეგ, არა თუ შემცირდა ოჯახების ჯანდაცვაზე დახარჯული თანხები, კატასტროფულად გაიზარდა. ამ კვლევაში, მონაწილეობდა სახელმწიფოც. თვითონ მინისტრმაც აღიარა, რომ 2019 წლის ბოლოს სახელმწიფოს ამ პროგრამის შედეგად კლინიკების ვალი 319 მლნ ჰქონდა. ამას რომ ვამბობდით, ხელისუფლების წარმომადგენლები დაგვცინოდნენ, საიდან მოიტანეთო, მაგრამ მოულოდნელად, ეს თავად მინისტრმა თქვა და მიღწევად გაასაღა, რომ 2020 წლის ბოლოს, მისივე თქმით, ვალი 120 მლნ-მდე შემცირდა. უნდა გავითვალისწინოთ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში არ არის ინტეგრირებული წამლების კომპონენტი“,- განაცხადა სერგო ჩიხლაძემ ,,საქმეში“.

ცნობისთვის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონული ოფისი საქართველოში ჯანდაცვის სერვისებისა და მედიკამენტების ხელმისაწვდომობის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ქვეყანაში ჯანდაცვასთან დაკავშირებული ფინანსური სიდუხჭირის შესამცირებლად, ჯანდაცვაში სახელმწიფო დაფინანსების გაზრდა და მედიკამენტების ფასები დაარეგულიროს.

თამარ მუკბანიანი