საფრანგეთში მამალ წიწილებს აღარ გაანადგურებენ

საფრანგეთში მომავალი წლიდან მამალი წიწილების გაჭყლეტვა/განადგურება და გაზით მოწამვლა აიკრძალება. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრ ჟულიენ დენორმანდიმ Le Parisien-თან ინტერვიუში განაცხადა.

ფრინველის განადგურების ასეთი პრაქტიკა ცხოველთა დაცვის ჯგუფებმა დაგმეს და მას „ბარბაროსობა“ უწოდეს. მინისტრის თქმით, საფრანგეთი შეეცდება, მსგავსი ზომები ევროპის სხვა ქვეყნებმაც მიიღონ. მისი მონაცემებით, ქვეყანაში ყოველწლიურად 50 მილიონი მამალი წიწილა ნადგურდება. ცოცხალს მხოლოდ დედალ წიწილებს, ანუ კვერცხის დამდებ მომავალ ქათმებს ტოვებენ.

”საფრანგეთი, გერმანიასთან ერთად, მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, რომელმაც მამალი წიწილების გაჭყლეტვით განადგურება და გაზით მოწამლვა შეწყვიტა,“ - აცხადებს ჟულიენ დენორმანდი.

მისი თქმით, ორივე ქვეყანა შეეცდება, ევროკავშირის პარტნიორები დაარწმუნონ, რომ ეს პრაქტიკა ბლოკის წევრი ქვეყნების სოფლის მეურნეობის მინისტრთა საბჭოს სხდომაზე უკანონოდ გამოცხადდეს.

2022 წლიდან საფრანგეთში მომუშავე სელექციონერებს დასჭირდებათ აპარატურა, რომ წიწილების სქესი გამოჩეკვამდე დაადგინონ.

„დინამიკა სრული სვლით მიმდინარეობს და არსებული შეკვეთების გათვალისწინებით, 2022 წლის პირველი კვარტლის ბოლოსთვის ასეთი აპარატურები საფრანგეთის საწარმოთა ორ-მესამედში დამონტაჟდება,” - აცხადებს დენორმანდი.

მისი თქმით, ეს ხარჯებსაც გაზრდის - მაგალითად 6-კვერცხიან ყუთზე 1 ევროცენტის დამატებით. ტექნიკის შესაძენად, სელექციონერებისთვის საფრანგეთის მთავრობა 10 მლნ ევროს სუბსიდიებს გამოყოფს.

მინისტრმა ისიც განაცხადა, რომ მომავალი წლის დასაწყისიდან საფრანგეთში ცოცხალი გოჭების დაკოდვაც აიკრძალება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ