ინგლისში კოვიდშეზღუდვების უმეტესი ნაწილი მოიხსნა

ინგლისში დღეიდან კოვიდ-19-ის გამო დაწესებული თითქმის ყველა შეზღუდვა მოიხსნა.

კერძოდ, მაღაზიებსა და სხვა საჯარო დახურულ სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის, გაუქმდა შიდა და გარე სივრცეებში შეკრებილი ადამიანების რაოდენობაზე დაწესებული შეზღუდვა, ღამის კლუბებს, სპორტულ მოედნებსა და მსგავს ადგილებს სრული დატვირთვით გახსნის უფლება მიეცათ.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, ვირუსი ჯერ არ გამქრალა და მოქალაქეებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.

„სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. სამწუხაროდ, ვირუსი ჯერ კიდევ არსებობს“, - აღნიშნა ჯონსონმა.

გაერთიანებულ სამეფოში „დელტა“ ვარიანტის გავრცელების გამო დაინფიცირების შემთხვევებმა მნიშვნელოვნად მოიმატა. გასული დღის განმავლობაში 48 161 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი და ფინანსთა მინისტრი რიში სუნაკი 10-დღიან თვითიზოლაციაში იმყოფებიან მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მინისტრს, საჯიდ ჰავიდს კორონავირუსი დაუდასტურდა.