რას პასუხობს ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია WHO-ს, რომელიც საქართველოს მედიკამენტების ფასების შემცირებისკენ მოუწოდებს

„ჩვენ ასოციაციაში არის 17 საერთაშორისო კომპანია, მათ პროდუქციაზე სააფთიაქო ქსელებში ფასნამატი არ აღემატება 35-40%-ს.

ამაში შედის ყველა ხარჯი. მეორე, საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი მარტო ჩვენი ასოციაციის წევრებისგან არ შედგება, ბუნებრივია, არის კიდევ ნახევარზე მეტი ისეთი კომპანიები, რომელზეც მე ვერაფერს გეტყვით“- ამის შესახებ ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის ხელმძღვანელმა ირაკლი მარგველაშვილმა რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. აღნიშნულით ის WHO-ს (მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის) განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც საქართველოს მედიკამენტებზე ფასების შემცირებისკენ მოუწოდებს.

„ჯანმოს“ ანალიზი აბსოლუტურად სწორია, ხელმისაწვდომობა მედიკამენტებზე დაბალია, მაგრამ არის რამდენიმე მომენტი, რაც განსაკუთრებით საყურადღებოა. „ჯანმოს“ ანგარიშში საუბარია, რომ ჯიბიდან გადახდები, ანუ ის გადახდები, რომელსაც ადამიანი საკუთარი შინამეუნეობის შემოსვლიდან იხდის, საკმაოდ მაღალია, შემოსავალთან მიმართებით, პროცენტულად, ეს ერთი. ასევე, „ჯანმო“ ამბობს, რომ ყურადღება მისაქცევია რამდენად სწორად ინიშნება მედიკამენტები საქართველოში (აქ უბრალოდ ვაკეთებ ინტერპრეტაციას), ხომ არ არის მათ შორის მაღალ დანახარჯებში პრობლემა, ასევე, არასწორად დანიშნული წამლები, ან დიდი რაოდენობით. რაც შეეხება ფასნამატებს, აქ უბრალოდ საუბარი იყო, რომ ეს სფერო ყოველთვის უნდა იყოს რეგულირებადი პირდაპირი ან ირიბი რეგულირების მეშვეობით.

აქვე მოვიყვან რამდენიმე სტატისტიკურ მონაცემს, ვინაიდან „ჯანმოს“ ანალიტიკა დაყრდნობილია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს. იგივე სტატისტიკის მონაცემებს თუ შევხედავთ, მოხდა ასეთი რამ, 2012 წელს, როდესაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ მოდერნიზაცია განიცადა, ძალიან ხელმისაწვდომი გახდა ბევრი სამედიცინო სერვისი. ბევრი ადამიანი, ვინც ვერ მიდიოდა ექიმთან, მივიდა. რიცხვები არის ასეთი: 2018 წელს , 2010 წელთან შედარებით, ანუ 10 წელიწადში 70%-ით გაიზარდა ვიზიტების რაოდენობა ექიმებთან. ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობა 70%-ით უფრო ავად გახდა, უბრალოდ, ხელმისაწვდომი გახდა. ბუნებრივია, მეტი ვიზიტი, ეს არის მეტი დანიშნულება. და მეორე, რაც ეკონომიკური შემადგენელია და მნიშვნელოვანი, საქართველოში მედიკამენტების მიმოქცევა არის იმპორტირებული. ანუ მედიკამენტის ფასი დამოკიდებულია ვალუტის ცვლილებაზე.

როდესაც ჩვენ საუბარი გვაქვს სარეალიზაციო ფასზე, ეს არის უკვე სადისტრიბუციო საკითხი. ჩვენ ასოციაციაში არის 17 საერთაშორისო კომპანია, მათ პროდუქციაზე სააფთიაქო ქსელებში ფასნამატი არ აღემატება 35-40%- ს. ეს არის სრული ფასნამატი, ამაში შედის ყველა ხარჯი. მეორე, საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი მარტო ჩვენი ასოციაციის წევრებისგან არ შედგება, ბუნებრივია, არის კიდევ ნახევარზე მეტი ისეთი კომპანიები, რომელზეც მე ვერაფერს გეტყვით“,- განაცხადა ირაკლი მარგველაშვილმა.

ნინი ქეთელაური