ნათია თურნავა - ვხედავთ ეკონომიკის გაჯანსაღების, ექსპორტის ზრდის და ტურიზმის გარკვეულწილად გამოცოცხლების ნიშნებს, ყველა ერთად უნდა გავუფრთხილდეთ ამ პოზიტივს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მიუხედავად პანდემიისა, საქართველოში ეკონომიკის გაჯანსაღების ნიშნები შეინიშნება, რასაც გაფრთხილება სჭირდება და ამაზე “ოპოზიციამ პასუხისმგებლობა უნდა გაიაზროს”.

ამის შესახებ თურნავამ ჟურნალისტების იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, როგორ მოქმედებს 5 ივლისის მოვლენების შემდეგ არსებული არასტაბილური პოლიტიკური ვითარება ქვეყნის ეკონომიკაზე.

“როგორ მოქმედებს პოლიტიკური არასტაბილურობა, ეკონომიკურ ვითარებაზე, ეს რიტორიკული კითხვაა. რა თქმა უნდა, პოლიტიკური არასტაბილურობა ყოველთვის აზიანებს ეკონომიკურ განვითარებას. ახლა, მიუხედავად პანდემიისა, რომელსაც ჯერ კიდევ ვებრძვით, ვხედავთ ეკონომიკის გაჯანსაღების, ექსპორტის ზრდის და ტურიზმის გარკვეულწილად გამოცოცხლების ნიშნებს, ჩვენ ყველა ერთად უნდა გავუფრთხილდეთ ამ პოზიტივს და გავაძლიეროთ. ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ნებისმიერმა ოპოზიციურმა ძალამ იგრძნოს და გაიზიაროს სრული სიმძიმით ეს პასუხისმგებლობა. ჩვენ ადამიანის უფლებები დაცვის ერთგული მთავრობა ვართ”,- განაცხადა თურნავამ.