"დღეს ინფლაცია არის გლობალური ტრენდი და გამოწვეულია პანდემიით"

მზად ვართ, გავამკაცროთ საპროცენტო განაკვეთი, თუმცა ასეთ გადაწყვეტილებას აუცილებლად ექნება თავისი საფუძველი - ამ წუთში ვერ ვხედავ იმის აუცილებლობას, რომ საპროცენტო განაკვეთი გაიზარდოს, თუმცა იმ გაურკვევლობიდან გამომდინარე, რაც პანდემიას ახლავს თან, ფრთხილად ვიმოქმედებთ ამასთან დაკავშირებით,- ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძემ განაცხადა.

მან ასევე ისაუბრა საქართველოში ინფლაციის მიზეზებზე და აღნიშნა, რომ “მაღალი ინფლაცია გამოწვეულია მიწოდების ფაქტორებისგან”.

“დღეს ინფლაცია არის გლობალური ტრენდი და გამოწვეულია პანდემიით. ფასების ზრდას საქართველოს შემთხვევაში იწვევს საერთაშორისო ბაზრებზე მნიშვნელოვნად გაზრდილი ფასები. ჩვენს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ერთად გავაკეთეთ ანალიზი, რა იქნებოდა ინფლაცია საქართველოში, ამერიკის შეერთებული შტატების დოლარში გამოხატული ფასები რომ დარჩენილიყო შარშანდელ ნიშნულზე, ესაა ფასები, რომლის კონტროლიც საქართველოს ვერ ექნება. ეს გვაჩვენებს, რომ საქართველოში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან საკმაოდ ახლოს იქნებოდა, რაც ნიშნავს, რომ მაღალი ინფლაცია გამოწვეულია მიწოდების ფაქტორებისგან. მიჩნეულია, რომ ეს აუცილებლად გაივლის. იქიდან გამომდინარე, რომ პანდემიას აქვს ცუდი რამ- გაურკვევლობა, რადგან ყოველთვის შეიძლება რაღაც ახალი ფაქტორი იყოს, რამაც შეიძლება პროგნოზი არ გაამართლოს. რა თქმა უნდა, ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, ხომ არ ძლიერდება ისეთი ფაქტორები, რომელმაც გრძელვადიან პერიოდში შეიძლება ინფლაცია მაღალ დონეზე შეინარჩუნოს”,- განაცხადა გვენეტაძემ.