”ხანგრძლივი რეკლამა მისი დამკვეთის ინტერესებსაც აზიანებს”

”შესწორებამ, რომელიც ”ნაციონალური მოძრაობის” დროს მიიღეს, ორიოდე ტელევიზია მეტისმეტად შეღავათიან პირობებში ჩააყენა”.

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საკანონმდებლო ორგანოს ახალი კანონპროექტი შესთავაზა, რომლის განხილვაც პარლამენტში დღეს იგეგმება. კანონპროექტის მიხედვით, მაუწყებლებს კომერციული რეკლამის განთავსებაზე ახალი რეგულაციები უნდა დაუწესდეთ. ცვლილებების თანახმად, 2015 წელს სარეკლამო ჭრა იქნება არაუმეტეს 15 წუთისა ერთი საათის განმავლობაში. 2016 წლიდან კი, სარეკლამო ჭრისათვის ერთი საათის განმავლობაში გამოყოფილი დრო შეიძლება 12 წუთამდეც შემცირდეს. მოქმედი კანონმდებლობით, მაუწყებლებს სარეკლამო დროისთვის მთლიანი სამაუწყებლო ბადის 20 პროცენტი აქვთ გამოყოფილი, მაგრამ უფლება აქვთ ეს დრო საკუთარი სურვილისამებრ გამოიყენონ. შესაბამისად, სატელევიზიო რეკლამის დიდი ნაწილი ე.წ. პრაიმ ტაიმში ხვდება. ახალი რეგულაციით 20%-იანი შეზღუდვა ძალაში რჩება, თუმცა, ის შეეხება არა 24-საათიან ბადეს, არამედ ყოველ საათს, რაც იმას ნიშნავს, რომ მაუწყებელს დღის ნებისმიერ მონაკვეთში სარეკლამო ჭრისათვის საათში მხოლოდ 15 წუთი ექნება.

bpn.ge ამ საკითხზე მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეს  ვახტანგ აბაშიძეს ესაუბრა.

ვახტანგ აბაშიძე: ”ცვლილება რამდენიმე მიმართულებით უნდა განხორციელდეს და ეს მოხდება წარმატებული ევროპული პრაქტიკის მიხედვით. ვგულისხმობ ევროდირექტივას, რომლის მოთხოვნებიც საქართველომ 2018 წლამდე უნდა შეასრულოს. პირველ ყოვლისა, კანონით უნდა განისაზღვროს კომერციული რეკლამის ზღვარი სამაუწყებლო საათის განმავლობაში. ეს არის საკითხი, რომელიც უკლებლივ ყველას აღელვებს - მომხმარებელს, მაუწყებელს და სარეკლამო სააგენტოებსაც. დღევანდელი კანონმდებლობით ასეთი შეზღუდვა არ არსებობს, რადგან ეს შეზღუდვა გაუქმდა 2011 წელს. ამ ეტაპზე რეკლამა არ უნდა აღემატებოდეს მთელი სამაუწყებლო ბადის 20 პროცენტს ანუ 24 საათის 20 პროცენტს. ახალი რეგულაციებით კი, საათში 20-პროცენტიანი ზღვარი შემოდის. არის სხვა ცვლილებებიც, რომელთა აღსრულებაც 2018 წლამდე უნდა მოესწროს. სხვათა შორის, არსებობს ასეთი საინტერესო მონაცემი: სარეკლამო ბლოკის მესამე წუთის შემდეგ, ამ რეკლამისადმი ყურადღება სერიოზულად მცირდება, ამიტომ ხანგრძლივად გაგრძელებული რეკლამა მისი დამკვეთის ინტერესებსაც აზიანებს”.

ვახტანგ აბაშიძე არ გამორიცხავს, რომ ახალი რეგულაციების შემოღების შემდეგ შეიძლება რეკლამის ფასი გაიზარდოს, მაგრამ თუ მაუწყებელი გონივრულად იმუშავებს, ეს მის შემოსავალზე ნაკლებად აისახება. ”რეკლამა თანაბრად გადანაწილდება სხვა დროზე, ან სხვა მედიასაშულებებზე, მათ შორის, შედარებით მცირე ტელევიზიებში, რადიოში, ან თუნდაც, პრესაში”,- ამბობს აბაშიძე. მისივე თქმით, იყო ვარიანტი, რომ საათის განმავლობაში სარეკლამო ჭრის დრო 15 %-მდე შემცირებულიყო, მაგრამ ევროდირექტივაში ასეთი დაბალი ზღვარი არ არსებობს, ამიტომ 20 პროცენტიც სავსებით მისაღებია.

ამ საკითხზე კომენტარი პრესის ასოციაციის თავმჯდომარეს  ლაშა ტუღუშსაც ვთხოვეთ: ”ვფიქრობ, რომ ეს მიდგომა სწორია. ასევე კარგია, თუ მოიძებნება ოქროს შუალედი, რომელიც ერთი-ორის გარდა, სხვა მედიასაშუალებებსაც შეუწყობს ხელს განვითარებაში. მოგეხსენებათ, საქართველოში არსებობს მსხვილი და შედარებით მცირე ტელევიზიები, არსებობს ბეჭდური მედიაც. იმ შესწორებამ, რომელიც ”ნაციონალური მოძრაობის” დროს მიიღეს, ორიოდე ტელევიზია მეტისმეტად შეღავათიან პირობებში ჩააყენა, დანარჩენები კი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, განსაკუთრებით - პრესა. ახლაც, ჩვენ არ უნდა შევქმნათ ისეთი გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს მედიის მხოლოდ ერთ, მცირე ნაწილს, ისეთი ბალანსი უნდა მოვძებნოთ, რომელიც მისაღები იქნება როგორც ტელევიზიებისთვის, ასევე ბეჭდური მედიისათვის და მომხმარებლისთვისაც. რეკლამისათვის გამოყოფილი დრო უსაშველოდ არ უნდა იყოს გაზრდილი. მე მესმის დიდი ტელევიზიების ტკივილი, თუმცა რაღაც ბალანსი უნდა შენარჩუნდეს. შეიძლება ეს რეგულაციები ვიღაცისთვის მტკივნეული იყოს, მაგრამ ფაქტია, რომ ამ სფეროში ცვლილებები აუცილებელია. მე ვფიქრობ, რომ შეთანხმების გზით წავალთ და საბოლოოდ, კარგ შედეგსაც მივაღწევთ”.

”მთავარია, რეკლამა მონოპოლიზებული არ იყოს და სად განათავსებს დამკვეთი თავის რეკლამას, ეს უკვე ბიზნესის საქმეა”- ამბობს ჟურნალისტი ია ანთაძე.

ია ანთაძე: ”მიუხედავად ამისა, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, რომ სარეკლამო დრო დაარეგულიროს. ამ საკითხის მოწესრიგება უმოკლეს დროში შეიძლება, კანონპროექტი პარლამენტშია შეტანილი და ვნახოთ, პარლამენტი რას გადაწყვეტს. როდესაც სარეკლამო დროის ხანგრძლივობა დადგინდება, ამის შემდეგ ტელევიზია თვითონ გადაწყვეტს, რა როგორ დააფასოს, რეკლამის დამკვეთიც იოლად განსაზღვრავს, იყიდოს ეს დრო ამ ტელევიზიაში, თუ თავისი რეკლამა სხვაგან განათავსოს. ეს არის ბიზნესი, რომლის მთავარი პრობლემა ის გახლდათ, რომ მონოპოლიზებული იყო. ეს არ უნდა გაგრძელდეს და რეკლამის დამკვეთიც და მისი მიმღებიც კანონს უნდა დაექვემდებაროს. დღეს მოქმედი კანონი ჩვენს ტელევიზიებს აძლევს იმის საშუალებას, სარეკლამო დრო ისე გაანაწილონ, როგორც აწყობთ”.

”თავდაპირველად ამ კანონის დაჩქარებული წესით მიღება იყო დაგეგმილი, მაგრამ გადაწყვეტილება შევცვალეთ”, -გვითხრა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარის მოადგილემ , პაატა კვიჟინაძემ.

პაატა კვიჟინაძე: ”კანონპროექტი პარლამენტში კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ შემოიტანა. გვთავაზობდნენ, რომ კანონი ამ კვირაშივე მიგვეღო, მაგრამ ამაზე უარი ვთქვით, რადგან გვინდა ყველაფერი საფუძვლიანად განვიხილოთ. ჩვენი მიზანი არა მარტო მომხმარებლის ინტერესების დაცვაა, არამედ ევროდირექტივების გათვალისწინებაც. აღნიშნულ რეგულაციებს თითქმის ყველა ტელევიზია ეთანხმება, მაგრამ ”რუსთავი 2”-ს აქვს შენიშვნები. ჩვენც ვცდილობთ ყველას ინტერესები გავითვალისწინოთ. ჯერჯერობით მოპალარაკებები მიმდინარეობს. პირველი განხილვა 23 დეკემბერს არის დაგეგმილი. ამ წუთში დავა იმის გამო მიმდინარეობს, თუ როდის უნდა შევიდეს ძალაში ეს რეგულაციები და რა სახით. თუმცა, იმას რომ ცვლილებები საჭიროა, ყველა აღიარებს. ზოგიერთი მედიასაშაულება პირიქით, მოითხოვს რაც შეიძლება მალე მივიღოთ ეს კანონი. წარმოიდგინეთ თუნდაც მაყურებლის მდგომარეობა, როდესაც ერთი საათიდან ნახევარი საათი რეკლამას ეთმობა, ეს დაუშვებელია. ზოგიერთი ადამიანი ამ დროს საერთოდ რთავს ტელევიზორს, ან სხვა არხზე გადართავს. შევეცდებით, რომ ევრორეგულაციები ქართულ რეალობას მოვარგოთ”.

კვიჟინაძე აღიარებს, რომ შესაძლოა კანონის შემოღების შემდეგ რეკლამა გაძვირდეს, მაგრამ აქაც არის გამოსავალი: ”მაუწყებელი ადრე თუ ხუთჯერ უშვებდა რეკლამას, გაძვირების შემთხვევაში სამჯერ გაუშვებს და საერთო ჯამში იგივე შემოსავალი ექნება. ყველანაირად ვცდილობთ, რომ მაუწყებლებისათვის ეს შოკი არ იყოს, ამიტომ დროს აუცილებლად მივცემთ. სწორედ ამის გამო არ ვიღებთ კანონს დაჩქარებული წესით. როდის შევა ახალი რეგულაციები ძალაში? - ეს საკითხი ურთიერთშეთანხმებისა და მოლაპარაკების გზით უნდა გადაწყდეს”, - განაცხადა კვიჟინაძემ.

ხათუნა ჩიგოგიძე