„პირველ წელს ორიენტირებული ვიქნებით იმპორტის ჩანაცვლებაზე“ - სექტემბერში კაკლის გადამამუშავებელი საწარმო ამუშავდება, რომლის მზა პროდუქტი „ანიგოზის“ ბრენდით გაიყიდება

სექტემბერში კაკლის გადამამუშავებელი საწარმო ამუშავდება, რომლის მზა პროდუქტი „ანიგოზის“ ბრენდით გაიყიდება.

როგორც კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ანა ქევხიშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, წელს კომპანია მთლიანად ორიენტირებული იქნება იმპორტის ჩანაცვლებაზე, სამომავლოდ კი ექსპორტის მიმართულებით გააქტიურდება.

ამასთან, როგორც „ანიგოზის“ თანადამფუძნებელი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას საკუთარი ბაღებიც აქვს, საწარმო მთლიანად ადგილობრივი ფერმერებისგან შეძენილ პროდუქტზე იმუშავებს.

ცნობისთვის, „ანიგოზი“ ცოლ-ქმრის ანა ქევხიშვილისა და გოგი ბოლქვაძის საოჯახო ბიზნესია. მანამდე მათი საქმიანობა ფერადი ლითონების გადამუშავებას და ექსპორტს უკავშირდებოდა, მოგვიანებით კი, კიდევ ერთი ბიზნესი წამოიწყეს.

„საწარმოს მშენებლობა დაიწყო შარშან ოქტომბერში და შენობა უკვე დასრულებულია. მომავალ კვირას ველოდებით დანადგარებს საფრანგეთიდან, მონტაჟს ვაკეთებთ დაახლოებით, აგვისტოს ბოლოდან და სექტემბერში უკვე სრულად გამართული საწარმო გვექნება. ხოლო, სექტემბრის ბოლოდან, როდესაც კაკლის მოსავლის აღების პერიოდი იწყება, მზად ვიქნებით, რომ მივიღოთ პირველი მოსავალი.

მოსავლის აღების პერიდოში, ერთი თვის განმავლობაში იმუშავებს 30 ადამიანი, არა სეზონზე კი, სტაბილურად 20 ადამიანი.

რაც შეეხება საწარმოს ადგილმდებარეობას, ეს არის გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი მარტყოფი, მაგრამ არის ლილოს ტერიტორიაზე. შუალედური ლოკაცია გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოდან კომფორტული იყოს მოსავლის მობილიზება“,- ამბობს ანა ქევხიშვილი.

მისი თქმით, საწარმო გათვლილია წლიურად 500 ტონამდე მოსავალზე, ,თუმცა პირველ წელს 150 ტონის გადამუშავება იგეგმება.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს კომპანიასაც აქვს 10 ჰექტარამდე ფართობის ბაღები, ეს არის უფრო საჩვენებელი და გამოცდილების მისაღები. შესაბამისად, ეს არ არის საკმარისი. ამიტომ, საწარმო მთლიანად ორიენტირებული იქნება ფერმერებზე და მათგან მიღებულ მოსავალზე. ამასთან, კომპანია აპირებს ინვესტიცია გააკეთოს აგრონომების ჩამოყვანის მიმართულებით. იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში ძალიან დიდი დეფიციტია ცოდნის, კაკლის სწორ მოვლასთან დაკავშირებით. ჩვენ ჩამოვიყვანთ სპეციალისტებს, რომლებიც გაგვიზიარებენ გამოცდილებას როგორც გადამუშავების ისე მოვლის კუთხით. ხოლო, იმ ფერმერებს, რომლებიც ჩვენთან აქტიურ კონტაქტში იქნებიან, დავეხმარებით მოსავლის რაოდენობის და ხარისხის გაზრდაში.

რაც შეეხება საწარმოს მასშტაბებს, გათვლილია 400-500 ტონაზე, თუმცა, პირველი წლის პროგნოზია 150 ტონის გადამუშავება. იქიდან გამომდინარე, რომ ნიგოზი ძალიან დეფიციტური პროდუქტია და იმპორტი ხდება, პირველ წელს მთლიანად ორიენტირებული ვიქნებით იმპორტის ჩანაცვლებაზე. თუმცა, მსოფლიოში საკმაოდ დიდია მოხმარება და ეს ტენდენცია სულ უფრო იზრდება, შესაბამისად, საექსპორტო პოტენციალი საკმაოდ დიდი აქვს პროდუქტს. უკვე შემდეგი წლებიდან ჩვენ იმპორტის ჩანაცვლებასთან ერთად, ექსპორტზეც ვიქნებით ორიენტირებული“,- აღნიშნავს ანა ქევხიშვილი.

მისივე ინფორმაციით, საწარმო გარდა კაკლისა, ნუშის გადამუშავებასაც შეძლებს და სამომავლოდ, ქვეყანაში ამ მიმართულებასაც განავითარებს.

„ჩვენი საწარმო იქნება როგორც კაკლის, ისე ნუშის გადამამუშავებელი. შესაძლოა, წელსვე გავუწიოთ ნუშის მწარმოებელ კომპანიებს მომსახურება (გაშრობა). თუმცა, უკვე მომავალი წლიდან გვაქვს გეგმა, რომ საბოლოო პროდუქტის წარმოებაც შევძლოთ.

უკვე მზა პროდუქტი გაიყიდება „ანიგოზის“ ბრენდის ქვეშ. მოლაპარაკებები გვაქვს ყველა მსხვილ ქსელთან, საკონდიტროსთან, ასევე, სადისტრიბუციო კომპანიებთან, რომლებიც შედარებით მცირე მოვაჭრეებთან თანამშრომლობენ. პროდუქტი იქნება ვაკუუმ შეფუთვაში. ეს არის აზოტით დამუშავებული სპეციალური შეფუთვა, რომელიც სიცოცხლისუნარიანობას ახანგრძლივებს. ჩვენ ამ მიმართულებით კვლევაც გვაქვს ჩატარებული და დახლზე დადებული ნიგვზის 80% არის შელახული, იმიტომ, რომ შეფუთვის სტანდარტი არ არის დაცული.

რაც შეეხება ღირებულებას, ყოველ წელს ბაზარი თავად გვკარნახობს ნედლეულის ფასი რა იქნება. სამწუხაროდ, წელს ჯერ არ ვიცით და არც რაიმე პროგნოზები გვაქვს, რა შეიძლება იყოს პროდუქტის ასაღები ფასი. ამიტომ, წინასწარ თქმა, თუ რა ეღირება უკვე მზა პროდუქტი, ამ ეტაპზე გამიჭირდება“,- ამბობს ანა ქევხიშვილი.