პორშეს ახალი, უნიკალური ელექტრომობილი Taycan Cross Turismo საქართველოშია

პორშეს ოფიციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში, „პორშე ცენტრი თბილისმა“ სრულიად ახალი მოდელი, Porsche Taycan Cross Turismo წარმოადგინა. ექსკლუზიური სპორტული ავტომობილების მწარმოებელი გერმანული ბრენდისთვის ეს რიგით მეორე ელექტრომობილია.

ახალი მოდელის პრეზენტაცია ონლაინ-რეჟიმში გაიმართა, პროექტის მხარდამჭერი SOLO გახლდათ. პარტნიორობის ფარგლებში SOLO საკუთარ მომხმარებლებს ახალი Taycan Cross Turismo-ს შეძენის ექსკლუზიურ პირობებს სთავაზობს.

ახალი Taycan Cross Turismo წარმოადგენს SUV კლასისა და საოჯახო კლასის ავტომობილის ერთგვარ შერწყმას, პორშესთვის დამახასიათებელ შეუდარებელ სპორტულობასთან ერთად.

shida-potoebi-2-1626766532.jpg

„მეტი შესაძლებლობები“ - სწორედ აღნიშნული მესიჯი გახდა საქართველოს წარმომადგენელებისთვის კამპანიის საწყისად. ახალ Taycan Cross Turismo-სთან ერთად ბრენდის წარმომადგენლებმა მოიარეს საქართველოს სხვადასხვა კუთხე, იმოგზაურეს მთაშიც და ბარშიც. საქართველოს რელიეფზე ტესტ-დრაივს ახალი ელექტრო პორშე თავისუფლად გაუმკლავდა და საქართველოს საამაყო ბუნებითაც დაიმუხტა.

ახალი მოდელი უკვე პორშე ცენტრი თბილისშია წარმოდგენილი.

Taycan Cross Turismo სედან ტაიკანის ახალი, უფრო პრაქტიკული ვერსიაა, რომელსაც მსუბუქი ოფროუდ-ამბიციებიც აქვს. სედანთან შედარებთ, ახალი მოდელი უფრო მაღალი და ტევადია, ვიზუალურად ყველაზე თვალშისაცემი განსხვავებები სახურავის შეცვლილი ხაზი და ავტომობილის უკანა ნაწილია. გარდა ამისა, Cross Turismo-ს დამატებული აქვს SUV-ისთვის დამახასიათებელი ვიზუალური დეტალები: ქვედა დამცავის მსგავსი ელემენტი უკანა ბამპერზე, დამცავები საბურავების თაღებსა და კარის ქვემოთ და ა.შ. მათთვის, ვისაც ამაზე მეტი SUV-ის ოპტიკა სურს, Taycan Cross Turismo ხელმისაწვდომია ე.წ. „ოფროუდ დიზაინ პაკეტითაც“.

shida-potoebi-3-1626766549.jpg

პეტრე წაქაძე, „პორშე ცენტრი თბილისის“ დირექტორი: „ჩვენი მომხმარებლებისთვის უკვე ხელმისაწვდომია Taycan Cross Turismo-ს ყველა ვერსია. ავტომობილი იწარმოება სიმძლავრის 4 სხვადასხვა დონით: 476-დან 761 ცხენის ძალამდე. ტოპმოდელი Turbo S ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე 2,9 წამში ჩქარდება, რაც ისეთი ლეგენდარული სპორტქარის მონაცემია, როგორიცაა Porsche 911 GT2 RS.

სრული დამუხტვით გასავლელი მანძილის რესურსი 419-დან 456 კილომეტრამდეა. დამუხტვა სწრაფად ხდება, რადგან Cross Turismo იყენებს სწრაფ, 800-ვოლტიან სისტემას. სწრაფი დამტენით 100 კილომეტრის გასავლელად სამყოფ ენერგიას მანქანა 5 წუთში მიიღებს. ზოგადად კი, სწრაფი დამტენის საშუალებით, 5-დან 85 პროცენტამდე დასამუხტად დაახლობით 20 წუთი სჭირდება.“

შეგახსენებთ, რომ პორშემ თავისი პირველი ელექტრომობილი 2019 წელს წარმოადგინა და სულ რაღაც წელიწადნახევარში 43 000-ზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. ამ ხნის განმავლობაში ტაიკანმა 50-ზე მეტი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა - მათ შორის, მსოფლიოში ყველაზე ინოვაციური, ულამაზესი და წლის საუკეთესო ავტომობილის წოდებები. ახლა კი, Porsche Taycan Cross Turismo-ს სახით მისი ახალი ვერსია გამოვიდა.

კამპანიაზე პორშე ცენტრი თბილისთან ერთად კრეატიულმა ციფრულმა სააგენტომ “Leavingstone”-მა იმუშავა.

(R)