ბიუჯეტის შესრულების შანსი აღარ არსებობს

”საუკეთესო შემთხვევაში 300-400 მილიონიანი გარღვევა იქნება”

როგორც გაზეთი ”რეზონანსი” წერს, 2014 წლის 11 თვის მონაცემები ცხადყოფს, რომ ბიუჯეტს შესრულება არც წელს უწერია. ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის გადარჩენის იმედი საბოლოოდ მოისპო. არადა, რამდენიმე დღის წინ ფინანსთა მინისტრი 100%-იან შესრულებაზე საუბრობდა. ბიუჯეტის ანალიზის საფუძველზე ნოდარ ხადურის ოპტიმიზმი აბსოლუტურად გაუგებარია. 11 თვის მონაცემებით, 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებას 1,297 მილიარდი ლარი აკლია. ფინანსთა სამინისტრომ შემოსავლების მობილიზების სექტემბრის რეკორდიც რომ მოხსნას, ერთ თვეში ამ რაოდენობის თანხის მოგროვება შეუძლებელია. 1 თვეში ბიუჯეტში, საშუალოდ, 700 მილიონი ლარი შედის.

ბოლო წლებში პირველად საგადასახადო შემოსავლების შესრულების საკითხიც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლებიდან მიღებულია - 6,5 მილიარდი ლარი (89,4%). ამ შემთხვევაში, ფინანსთა სამინისტრომ სასწაული უნდა მოახდინოს და ერთ თვეში 774 მილიონ ლარზე მეტი უნდა მოაგროვოს მაშინ, როდესაც 1 თვეში საბიუჯეტო შემოსავლებიდან მობილიზებული თანხა მაქსიმუმ 650 მილიონი ლარია.

ამგვარი პათოსით შეშფოთებულმა ნაციონალმა დეპუტატმა გოგა ხაჩიძემ ხადურს სანაძლეოს დადებაც კი შესთავაზა, ასეთი პირობით: თუ მინისტრი სასწაულს მოახდენს და ბიუჯეტს შეასრულებს, ხაჩიძე დეპუტატის მანდატზე უარს იტყვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, მინისტრის პოსტი ”არასწორად დაგეგმილი” სახელმწიფო ბიუჯეტისთვის ხადურმა უნდა დატოვოს.

რაც შეეხება შემოსავლებს, სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლებიდან მიღებულია - 6,5 მილიარდი ლარი (89,4%). ამ შემთხვევაში, ფინანსთა სამინისტრომ სასწაული უნდა მოახდინოს და ერთ თვეში 774 მილიონ ლარზე მეტი უნდა მოაგროვოს მაშინ, როდესაც 1 თვეში საბიუჯეტო შემოსავლებიდან მობილიზებული თანხა მაქსიმუმ 650 მილიონი ლარია. გადასახადებიდან ბიუჯეტში 6,1 მილიარდი ლარი შევიდა (წლიური საპროგნოზო მოცულობა 6,8 მილიარდი ლარი), ანუ საპროგნოზო მოცულობის 89,6%.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, გეგმას ჩამორჩება სამი მთავარი გადასახადიდან - საშემოსავლო, მოგება და დღგ-დან მიღებული თანხა. 11 თვეში ”საშემოსავლო გადასახადიდან” ბიუჯეტში 1,579 მილიარდი ლარის მობილიზება გახდა შესაძლებელი (საპროგნოზო მოცულობა 1,770 მილიარდი ლარი). ეს ნიშნავს, რომ იანვარ-ოქტომბერში წლის გეგმა 89.2%-ით არის შესრულებული.

”მოგების გადასახადის” სახით მიღებული შემოსავლების მოცულობამ კი 690 მილიონი ლარი შეადგინა, წლიური საპროგნოზო მოცულობის (912 მილიონი ლარი) 75.7%, ყველაზე დიდი გარღვევა ფინანსთა სამინისტროს ამ გადასახადში აქვს. დამატებული ღირებულების გადასახადიდან კი ბიუჯეტში 2,998 მილიარდი ლარი შევიდა, საპროგნოზო მოცულობის (3,274 მილიარდი) - 91.6%.

უკვე ნათლად ჩანს, რომ ფინანსთა სამინისტრო აქციზის გადასახადიდან დაგეგმილ შემოსავლებს გადაჭარბებით შეასრულებს და შესაბამისად, აქედან შემოსული თანხით, შესაძლოა, სხვა გადასახადების დანაკლისი გადაიფაროს. აქციზიდან მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა 735 მილიონი ლარი, რაც გეგმის (739 000.0 ათასი ლარი) 99.5%-ია.

გრანტები და კრედიტები

მთავრობას სესხს აღარ აძლევენ, მაგრამ ფულს მაინც უხვად ჩუქნიან. იანვარ-ნოემბერში ქვეყანაში 200,967 მილიონი ლარის გრანტი შემოვიდა და წლიურ პროგნოზს (144 მილიონი ლარი) თითქმის 37 მილიონი ლარით გადააჭარბა. ფაქტობრივად, ფინანსთა სამინისტროს გრანტების ნაწილში 139.6%-იანი შესრულება აქვს. რაც შეეხება კრედიტს, 11 თვეში მთავრობამ 1,137 მილიარდი ლარის სესხება მოახერხა, ეს კი (გეგმის 1,636 მილიარდი ლარი) - 69.5%-ია. შიდა ვალის აღების კუთხით, ბუნებრივია, ფინანსთა სამინისტროს პრობლემა არ შექმნია. საკრედიტო გეგმის ჩავარდნა, რომელიც შეიძლება მთლიანი ბიუჯეტის გარღვევის ერთ-ერთი მიზეზი გახდეს, საგარეო ვალდებულებების შეუსრულებლობაა.

კერძოდ, საგარეო ვალდებულებების ზრდით მიღებული შემოსავალი მხოლოდ 613,432 მილიონი ლარია, რაც გეგმის (1,036 მილიარდი ლარი) 59.2%-ია. იანვარ-ნოემბრის მონაცემებით, ბიუჯეტში ფასიანი ქაღალდების ემისიიდან - 523,836 მილიონი ლარი შევიდა, რაც გეგმის (600 000.0 ათასი ლარი) 87.3%-ია. დეკემბერში სამინისტრომ კიდევ სამი ემისია დაგეგმა და წლის ბოლოსთვის ეს გეგმა, ფაქტობრივად, შესრულებული იქნება.

ხარჯები

აღსანიშნავია, რომ ხარჯებში სამინისტროების უმეტესობას გარღვევა აქვს. მთლიანობაში, ერთ წელიწადში ბიუჯეტიდან 9,08 მილიარდი ლარი უნდა გავიდეს, 11 თვის მონაცემებით კი მხოლოდ 7,725 მილიარდი ლარია დახარჯული. გეგმა რომ შესრულდეს, ერთ თვეში 1,355 მილიარდი ლარი უნდა დაიხარჯოს. სპეციალისტების განცხადებით, ხადურმა სასწაულებიც რომ მოახდინოს, ამ ჩავარდნას მაინც ვერ ასცდება.

როგორც უკვე ცნობილია, კატასტროფული ჩამორჩენა აქვს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს. გეგმა რომ შეასრულოს, ამ სამინისტრომ ერთ თვეში 182 მილიონი ლარი უნდა დახარჯოს მაშინ, როდესაც თვეში 69 მილიონ ლარზე მეტს ვერ ითვისებს. საგზაო ინფრასტრუქტურის ღონისძიებების გაუმჯობესებისთვის 100 მილიონ ლარამდეა დასახარჯი, საქართველოს მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს კი უგზოობა აწუხებს. ამასთანავე, დაახლოებით 130 მილიონი ლარი მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას უნდა მოხმარებოდა და ამ თანხის დახარჯვაც პრობლემა გახდა.

განათლების სამინისტრომ ერთ თვეში 136 მილიონ ლარამდე უნდა აითვისოს, რაც აშკარად ფანტასტიკის სფეროა. სამინისტრო მისთვის კუთვნილი და მის მიერ მოთხოვნილი თანხის დახარჯვას ვერ ახერხებს, ხოლო ბევრ სოფელში სკოლები აბსოლუტურად მოუწესრიგებელია. სამაგიეროდ, ენერგეტიკის სამინისტრომ გეგმაზე მეტიც კი მოიხმარა. ბიუჯეტის მიხედვით, სამინისტროს ზედმეტი ხარჯი აქვს გაწეული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისათვის.

მაკა ხარაზიშვილი

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”