მგზავრობაზე საკარანტინო წესების შენარჩუნებამ ბრიტანული ავიაკომპანიების აქციები გააუფასურა

დიდ ბრიტანეთში ავიამგზავრობაზე შემოღებულმა ახალმა ცვლილებებმა ავიაკომპანიების აქციებზე უარყოფითად იმოქმედა. დაბალბიუჯეტიანმა easyJet-მა და British Airways-ის მფლობელმა IAG-მა 4-6% დაკარგეს მას შემდეგ, რაც საფრანგეთიდან დაბრუნებული მგზავრებისთვის საკარანტინო პირობები არ მოიხსნა.

„ბრიტანეთის ტურისტული ინდუსტრია რამდენიმე თვის განმავლობაში მთავრობის საკარანტინო წესებს აკრიტიკებდა. ქვეყნების კლასიფიკაციის შესახებ ბოლო წუთების ცვლილებების შემდეგ, მკვეთრად მზარდ ჯავშნებს შეკვეთების მასიურ გაუქმება მოჰყვა,“ - წერს სააგენტო Reuters.

გასულ პარასკევს დიდი ბრიტანეთის მთავრობამ სრულად ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის, რომლებიც საფრანგეთიდან ბრუნდებიან, დაგეგმილი გაუქმების ნაცვლად, შეზღუდვები ნაწილობრივ დატოვა. საფრანგეთში დელტა შტამის დაავადებათა მატების გამო, ბრიტანეთში დაბრუნებულ მოქალქეებს ისევ კარანტინში ყოფნა მოუწევთ.

„ეს სიურპრიზი იყო მოქალაქეებისთვის და მომავალი ახალი ცვლილებების საფრთხემ მათ ჯავშნებზე ნადირობის სურვილი დაუკარგა მაშინ, როცა სრულად ვაქცინირებულ პირებს ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობა კარანტინის გარეშე შეუძლძიათ,“ - წერს Reuters.

ავიაკომპანია easyJet-ის ძირითად ბაზარს დიდი ბრიტანეთი წარმოადგენს და მისი აქციები 6%-ით გაუფასურდა. IAG-ის აქციები კი - 4%-ით. TUI-სა და Jet2-ის აქციები 3%-ზე მეტად დაეცა. მთლიანობაში ავიაკომპანიების აქციებმა ბოლოს 3 თვეში თავისი ღირებულების 20% დაკარგეს.

„ახალმა შტამებმა და სამგზავრო შეზღუდვებმა ცხელი ზაფხულის იმედები გააცამტვერა. ავიაკომპანიების აქციებზე ვაჭრობა პანდემიამდელ დონეზე გაცილებით დაბალ ფასად მიმდინარეობს,“ - წერს სააგენტო.

Goodbody-ის ანალიტიკოსები შიშობენ, რომ შესაძლოა, ანალოგიური საკარანტინო ზომა ესპანეთისა და საბერძნეთის მიმართაც დაწესდეს. როგორც წესი, დიდი ბრიტანეთის ყველაზე პოპულარული სამგზავრო მიმართულება ესპანეთია, შემდეგ კი - საფრანგეთი და საბერძნეთი.

easyJet-ის გენერალური დირექტორი, იოჰან ლუნდგრენი აცხადებს, რომ ბრიტენეთის მთავრობის ე.წ. შუქნიშნის სისტემამ, რომლის მიხედვითაც ქვეყნები წითელ, ყვითელ და მწვანე ჯგუფებად კლასიფიცირდება, კრახი განიცადა. მისი თქმით, სისტემა არეულობასა და დაბნეულობას იწვევს.

Eurocontrol-ის მონაცემებით, დიდი ბრიტანეთი ტურიზმის აღდგენით სხვა ევროპულ ქვეყნებს ჩამორჩება. 12 ივლისს, 2019 წლის ამავე დღესთან შედარებით, რეისების რაოდენობა 65%-ით შემცირდა. ამ მხრივ ბრიტანეთს მოსდევს ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი და იტალია, სადაც რეისები 30-45%-ით შემცირდა.

ბრიტანეთის ყველაზე დიდ აეროპორტ Heathrow-ის რელიზის მიხედვით, ივნისში მგზავრების რაოდენობა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კვლავ 90%-ით ნაკლებ დონეზე რჩება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ