საქართველოდან მუშაობის მსურველი უცხოელების 16%-ს სახელმწიფომ უარი უთხრა - შედეგები „იმუშავე საქართველოდან“

,,იმუშავე საქართველოდან“ ფარგლებში, მუშაობის მსურველი უცხოელებიდან თითქმის 16%-ს სახელმწიფომ პროგრამაში ჩართვაზე უარი უთხრა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, პროექტის ფარგლებში მიღებული აპლიკაციებიდან 2 264 დადასტურდა, 481 აპლიკანტს სახელმწიფომ უარი უთხრა, ქვეყანაში კი ამ დრომდე 1 111 ადამიანი შემოვიდა.

როგორც ადმინისტრაციაში „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, 2020 წლის 27 აგვისტოდან 2021 წლის 19 ივლისამდე საქართველოდან მუშაობის სურვილი 3 043-მა უცხოელმა გამოთქვა, ანუ "იმუშავე საქართველოდან" პროექტში მონაწილეობისთვის აპლიკაცია სწორედ ამ რაოდენობის უცხოელმა შეავსო. მათივე ინფორმაციით, 59% ე.წ. ფრილანსერი იყო, 28% სრული განაკვეთით მუშაობის მსურველი და 13% ენტერპრენერი.

„რაც შეეხება ქვეყნებს, ყველაზე მეტი განაცხადი შემოვიდა აშშ-ს, ბელარუსის, უკრაინის, რუსეთის, იაპონიის, დიდი ბრიტანეთის და კანადის მოქალაქეების მხრიდან.

მიღებული აპლიკაციებიდან: დადასტურებულია 2 264 განაცხადი, 481-ს უარი ეთქვა. პროგრამის ფარგლებში საქართველოში უკვე შემოვიდა 1 111 პირი, მოქალაქეობის მიხედვით შემოსული პირები განეკუთვნებიან შემდეგ ქვეყნებს: აშშ, ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, უკრაინა, ახალი ზელანდია, კანადა და ა.შ”, - განაცხადეს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

„ბიზნესპრესნიუსის“ კითხვას, ამ დროისთვის საქართველოში პროგრამის ფარგლებში რამდენი უცხოელი იმყოფება და ეს 1 111 ადამიანი რჩება თუ არა ქვეყანაში, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში უპასუხეს, რომ ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში დისტანციურად მუშაობის მსურველი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის 2020 წლის 27 აგვისტოდან ახალი პლატფორმა „იმუშავე საქართველოდან“ ამოქმედდა. რაც პანდემიის პირობებში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მოსაზიდად გაკეთდა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პროექტის „იმუშავე საქართველოდან“ (Remotely from Georgia) ფარგლებში საქართველოს გამონაკლისის წესით 95-ზე მეტი სახელმწიფოს, მათ შორის: აშშ-ის, ევროკავშირის, სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს წევრი ქვეყნების მოქალაქეები და რეზიდენტები ეწვევიან, რომლებსაც 180-ზე მეტი დღით დარჩენა შეუძლიათ.

საქართველოდან მუშაობის თანხმობას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გასცემს.

2000-ლარიანი ხელფასის ამონაწერი, 12-დღიანი სავალდებულო კარანტინი და PCR ტესტის გაკეთება საკუთარი ხარჯებით - ეს იმ მოთხოვნების მცირე ჩამონათვალია, რომლის დაკმაყოფილებაც საქართველოდან მუშაობის მსურველ უცხოელებს უწევთ.

თამარ მუკბანიანი