Apple-მ თანამშრომლების ოფისებში დაფრუნება ოქტომბრამდე გადადო

Bloomberg-ის ცნობით, კომპანია Apple თანამშრომლების ოფისებში დაბრუნებას, ოქტომბრამდე კიდევ გადადებს, რადგან აშშ-სა და სხვა ქვეყნებში COVID-19-ის შემთხვევები მატულობს.

iPhone-ის მწარმოებელი, სულ ცოტა, ერთი თვის შემდეგ თანამშრომლებს შემდგომ გადაწყვეტილებას აცნობებს. თუმცა ამის შესახებ Apple-ში კომენტარს ჯერ არ აკეთებენ.

ივნისში კომპანიამ თანამშრომლებს კვირაში 3-დღიანი საოფისე სამუშაო რეჟიმი შესთავაზა, რაც ძალაში სექტემბრიდან უნდა შესულიყო. ამ მხრივ Apple-მა სხვა ტექნოლოგიური კომპანიებისგან განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო, რადგან მათ თავიანთ თანამშრომლებს სრულად დისტანციური მუშაობის უფლება მისცეს. ჰიბრიდული ან მთლიანად დისტანციური სამუშაო რეჟიმი ბევრმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ, მათ შორის, Twitter-მა და Salesforce.com-მაც აირჩია.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად Apple-ის გენერალური დირექტორი, ტიმ კუკი სამსახურში დაბრუნებას ზაფხულში გეგმავდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ