თამარ გაბუნია - ვაქცინების რაოდენობა ქვეყანაში საკმაოდ მაღალია და მის ხელმისაწვდომობაზე შეზღუდვა არ არის

ვაქცინების რაოდენობა ქვეყანაში საკმაოდ მაღალია და მის ხელმისაწვდომობაზე შეზღუდვა არ არის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

​როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, “ფაიზერის” ვაქცინის ახალი დოზების ქვეყანაში შემოტანის ზუსტი თარიღი არ არის ცნობილი, მაგრამ ეს მალე იქნება.

“​ვაქცინირებულთა რაოდებობა ამ ეტაპზე მაღალი არ არის, მაგრამ ვაქცინაციის ტემპი უნდა გავზარდოთ. ვაქცინების რაოდენობა არის ქვეყანაში საკმაოდ მაღალი და შეზღუდვა მის ხელმისაწვდომობაზე არ არის. ვაქცინები - “სინოვაკიც” და “სინოფარმიც” არის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ აღიარებული და მალე დაგვემატება "ფაიზერიც" დიდი ოდენობით. ამდენად ყველას მოვუწოდებ, რომ მიიღოს მონაწილეობა ვაქცინაციის პროგრამაში და ნუ დაელოდებიან რომელიმე ვაქცინის შემოსვლას. "ფაიზერის" დოზების პარტიის შემოსვლის თარიღს დავაზუსტებთ, როგორც კი ჩვენ გვექნება ზუსტი ინფორმაცია. მაგრამ გეტყვით, რომ ეს მალე იქნება.

უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ქვეყანაში არიან გრძელვადიანი ვიზიტით, ჩართულები არიან ბიზნესსაქმიანობაში და შეუძლიათ ეპიდემიურ სიტუაციაზე გავლენის მოხდენა, მათი ვაქცინაციაც გამართლებულია და ესენიც გახდებიან ერთ-ერთი ჯგუფი ვაქცინაციის პროგრამის. ამ კვირაში ეს ცვლილებაც დასრულდება“, - განაცხადა გაბუნიამ.