„რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელი - ის, რომ დღეს იხდიან ქორწილებს და „ივენთებს“, არ ნიშნავს, რომ ნებადართულია - ხშირ შემთხვევაში, ძირითადად რეგიონებში, ამ ყველაფერს სახელმწიფოს წარმომადგენლები „კრიშავენ“

ის, რომ დღეს იხდიან ქორწილებს და „ივენთებს“, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ნებადართულია - ხშირ შემთხვევაში, ძირითადად რეგიონებში ამ ყველაფერს სახელმწიფოს წარმომადგენლები „კრიშავენ“, მე პირადად რამდენიმე რესტორატორმა მომმართა და მითხრა, რომ ზეწოლის ქვეშ არიან ქორწილი გადაიხადონ, - ამის შესახებ „რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს ყველაზე დიდი პრობლემა რეგულაციების დაცვაა და ამიტომ აუცილებელია იმ შეზღუდვების ადმინისტრირება, რომელიც არსებობს.

„დღევანდელი სიტუაცია არის იმის შედეგი, რასაც არათანმიმდევრულობა ჰქვია. დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა, ხელისუფლებამ, ჯანდაცვის სამინისტრომ ექსპერიმენტები ატარა და პრობლემა პრობლემად რჩება და ამ დროს, ამოსუნთქვის საშუალება ჩვენ არ გვაქვს. დღეს ვითარება რთულდება. საუბარი იმაზე, რომ რამე ჩაიკეტება ამის ალბათობა ძალიან ცოტაა იქიდან გამომდინარე, რომ რეალურად ამას სახელმწიფო ვეღარ შეძლებს. ჩაკეტვა ყოველთვის არასწორი იყო, კოვიდთან ერთად თანაცხოვრება რეგულაციების დაცვას ნიშნავს.

დღეს რეგულაციები არსებობს - არ არსებობს დაცვის მექანიზმი. ის, რომ დღეს იხდიან ქორწილებს და „ივენთებს“, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ნებადართულია. ადმინისტრირება არ ხდება ამ საკითხების და აქ არის ყველაზე დიდი პრობლემა. ზოგადად, ეს თუ არ აღიკვეთა და ადმინისტრირება თუ არ მოხდა, დავკეტოთ-გავაღოთ, დავკეტოთ-გავაღოთ და კატა-თაგვობანას თამაში საბოლოოდ მხოლოდ უარყოფით შედეგამდე მიგვიყვანს. ხშირ შემთხვევაში, ძირითადად რეგიონებში ამ ყველაფერს სახელმწიფოს წარმომადგენლები „კრიშავენ“. მე პირადად რამდენიმე რესტორატორმა მომმართა და მითხრა, რომ ზეწოლის ქვეშ არიან ქორწილი გადაიხადონ და რა გავაკეთოო? ეს არის იმ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, რომლებიც ეუბნებიან, რომ პასუხისმგებლობას იღებენ.

„ლოკდაუნის“ არანაირი შანსი არ არსებობს, რადგან ეს არის თვითლიკვიდაციის დაწყება. უნდა მოხდეს ადმინისტრირება იმ შეზღუდვების, რომელიც არსებობს. თუ რეგულაციებს დავიცავთ და ვაქცინას გავიკეთებთ „ლოკდაუნზე“ საუბარი არ იქნება“, - განაცხადა ბურჯანაძემ.