საფრანგეთში კოვიდპასპორტის ტარება სავალდებულო გახდა

დღეიდან საფრანგეთის კინოთეატრებში, მუზეუმებში, თეატრებში, სტადიონებსა და ბაზრობებზე, საგამოფენო სალონებში, ასევე, ნებისმიერ კულტურულ, სპორტულ და სადღესასწაულო ღონისძიებაზე 50-ზე მეტი ადამიანის შეკრება მხოლოდ ე.წ. „ჯანმრთელობის პასპორტით,“ იგივე კოვიდპასპორტით შეიძლება. ამის შესახებ Radio France Internationale (RFI) იუწყება.

„ანტიკოვიდური" საშვის გამოყენების გაფართოებაზე მთავრობის ახალი განკარგულება 20 ივლისს გამოქვეყნდა. „ჯანმრთელობის პასპორტი" უნდა შეიცავდეს ინფორმაციას კორონავირუსის საწინააღმდეგო სრული ვაქცინაციის, ან უახლესი ტესტის უარყოფითი პასუხის ან მოხდილი დაავადების შესახებ. საშვის სისტემა მხოლოდ დაწესებულებებს კი არა, კულტურულ და დასვენების ყველა ღონისძიებას ეხება, რომელიც საზოგადოებრივ ადგილებზე ტარდება.

საშვის გარეშე იკრძალება, მაგალითად, საკრუიზო გემით მოგზაურობა ან რომელიმე საკათედრო ტაძრის შიგნიდან დათვალიერება. მოწმობა არ არის საჭირო მხოლოდ რელიგიურ ცერემონიებსა და წირვაზე დასასწრებად. კოლექტიური დასვენების ადგილებზე, სადაც კოვიდპასპორტები იმოქმედებს, ნიღბების ტარება სავალდებულო აღარაა.

გუშინვე საფრანგეთის პარლამენტმა დაიწყო კანონპროექტის განხილვა, რომლის თანახმად კოვიდპასპორტების მოქმედების არეალი კიდევ უნდა გაფართოვდეს. არსებობს ინიციატივა, რომ კოვიდპასპორტები სავალდებულო გახდეს კაფეებსა და რესტორნებში, დიდ სავაჭრო ცენტრებში მოსახვედრად, აგრეთვე, ტრანსპორტით - თვითმფრინავით, მატარებლით და საქალაქთაშორისო ავტობუსით მგზავრობის დროს.

მანამდე, 12 ივლისს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონმა კულტურისა და დასვენების დაწესებულებებსა და ადგილებში შესვლის წესების რადიკალურად გამკაცრება დააანონსა.

საფრანგეთის ხელისუფლებამ უკვე დაიწყო საუბარი ეპიდემიის მეოთხე ტალღაზე. ქვეყანაში, გუშინდელ დღე-ღამეში, ინფიცირების 18 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ