როგორია საქართველოში ელ-კომერციის ბაზარი და რას ყიდულობენ ქართველები ონლაინ - G&T-ის კვლევა

კოორონავირუსის პანდემიამ არა მხოლოდ მსოფლიოში, საქართველოშიც ელექტრონულ კომერციაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაზარდა. G&T-ის კვლევის მიხედვით, 2020 წელს საქართველოში ადგილობრივი ელ-კომერციის ბაზრის ზომა წლიურად 3.2-ჯერ გაიზარდა და 137.9 მლნ ლარი შეადგინა. ამასთან, მისი წილი ჯამურ ელკომერციაში (ადგილობრივი და უცხოური) 11%-დან 23%-მდე გაიზარდა 2018-20 წლების პერიოდში. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს ბაზრის ზომა მხოლოდ 43,5 მლნ ლარი იყო.

„სწრაფი ზრდის მიუხედავად, საქართველოში ელ-კომერციის წილი საცალო გაყიდვებში ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად ჩამორჩება განვითარებული ბაზრების დონეს (1.1% საქართველოში vs. 12% ევროპის საშუალო). საქართველოში ასევე დაბალია ერთი მომხმარებლის საშუალო წლიური დანახარჯი ონლაინ ვაჭრობაზე - 950 ლარი 2020 წელს, რაც ევროპის ქვეყნების მაჩვენებელს 3-ჯერ ჩამორჩება. ჩვენი შეფასებით, ადგილობრივი ონლაინ მაღაზიების განვითარებისა და მომხმარებელთა ნდობის ზრდასთან ერთად, 2025 წლისთვის საქართველოში ადგილობრივი ელ-კომერციის წილი ჯამური ელ-კომერციის ნახევარზე მეტს გაუტოლდება“, - აღნიშნულია კვლევაში.

ამავე კვლევის მიხედვით, 2021-25 წლებში საქართველოში ადგილობრივი ელ-კომერციის ბაზრის ზომა 1.1 მლრდ ლარამდე გაიზრდება, ხოლო მისი წილი საცალო გაყიდვების 4.7%-ს მიაღწევს. სექტორის ზრდას ხელს შეუწყობს: 1) ონლაინ მოვაჭრეთა რაოდენობის ზრდა 2) ერთ მომხმარებელზე საშუალო წლიური ონლაინ დანახარჯის ზრდა და 3) ადგილობრივი ონლაინ მაღაზიების მიერ უცხოურ ონლაინ პლატფორმებიდან მოვაჭრეთა მოზიდვა.

„ჩვენი შეფასებით, ჯამურად ელ-კომერციის სექტორი 2.2 მლრდ ლარამდე გაიზრდება 2020-25 წლებში. ამასთან, ზრდა ყველა სასაქონლო კატეგორიაშია მოსალოდნელი, რადგან საქართველოში საცალო ვაჭრობის ყველა სეგმენტში ელ-კომერციის წილი 3%-ზე ნაკლებია“, - წერია კვლევაში.

რაც შეეხება ადგილობრივი ელ-კომერციის ყველაზე პოპულარულ კატეგორიებს, ესაა ელექტრონიკა, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და მოწყობილობები, რაზეც G&T-ის შეფასებით, 2020 წელს გაყიდვების 65%-ს შეადგენდა.

„აღსანიშნავია, რომ ამ ქვესექტორში კომპანიებმა ინვესტიცია ციფრულ არხებში COVID-19-ის პანდემიამდე დაიწყეს და შესაბამისად, სხვა სექტორებთან შედარებით უფრო მომზადებული შეხვდნენ დაწესებულ შეზღუდვებს.

ტანსაცმელი და აქსესუარები სიდიდით მე-2 კატეგორიაა, ადგილობრივი ელ-კომერციის ბაზრის 16%-იანი წილით, რასაც მოსდევს ავეჯი და მოსაპირკეთებელი მასალები 8%-იანი წილით. საკვების მიტანის მომსახურებას განსაკუთრებული ნიშა უჭირავს საქართველოს ონლაინ ვაჭრობაში. სუპერმარკეტების ონლაინ პლატფორმების არარსებობის პირობებში, საკვების მიტანის სერვისის მიმწოდებლებმა სურსათის, პირადი ჰიგიენისა და ფარმაცევტული პროდუქტების მიწოდებაც შეითავსეს, რასაც განვითარებულ ბაზრებზე თავად სუპერმარკეტები უზრუნველყოფენ. ჩვენი გათვლებით, საკვების მიტანის სექტორის ბრუნვამ 2020 წელს 167 მლნ ლარი შეადგინა, 3-ჯერ მეტი 2019 წელთან შედარებით. აქედან სურსათისა და პირადი ჰიგიენის საშუალებების წილმა მთლიანი ბრუნვის 20% შეადგინა“, - აღნიშნულია კვლევაში.

ამასთან, კვლევის მიხედვით, 2020 წელს ელ-კომერციაზე ჯამურმა დანახარჯებმა 597 მლნ ლარი შეადგინა. ერთი მომხმარებლის საშუალო წლიური დანახარჯი კი 950 ლარს შეადგენს (ადგილობრივი და უცხოური ელ-კომერციის ჩათვლით), რაც 3-ჯერ ჩამორჩება ევროპის ქვეყნების მაჩვენებელს.

„პოტენციალს ვხედავთ როგორც მომხმარებელთა რაოდენობის, ისე ერთი მომხმარებლის მიერ საშუალო წლიური დანახარჯის ზრდის მიმართულებით. გარდა ამისა, იქიდან გამომდინარე, რომ ონლაინ დანახარჯების უდიდესი წილი მოდის საერთაშორისო ონლაინ მაღაზიებზე, ადგილობრივ ონლაინ მაღაზიებს შეუძლიათ კონკურენციის გაზრდა და უცხოური კომპანიების მომხმარებლის მოზიდვა“, - აღნიშნავენ G&T-ში.