,,ყველა სფერო, რომელიც სათამაშო ბიზნესს ეხება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, კონტროლის ქვეშ მოექცევა“ - რა იცვლება კანონში

ფინანსთა სამინისტროს აზარტული თამაშების შესახებ კანონში ცვლილებები შეაქვს. რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ ფინანსთა მინისტრის მოადგილე, მიხეილ დუნდუამ განაცხადა, რომ მიზანი ქვეყნის შიგნით მოსახლეობის განკარგვადი შემოსავალის დარჩენა, ფულის გათეთრებისა და თაღლითობის რისკების მინიმიზებაა.

,,ამ (აზარტული თამაშების) მიმართულებით კონტროლის გამკაცრება რელევანტურია, რადგან ჩვენ ვართ ჩართული საერთაშორისო სივრცეში, საერთაშორისო თანამეგობრობის ნაწილი ვართ. ასე რომ, ნებისმიერი სფერო, რომელიც აზარტულ თამაშებს ეხება, არ უნდა დარჩეს კონტროლის მიღმა.

გასულ წელს მივიღეთ კანონში ცვლილებები, რომლითაც შეირჩა მიმართულებები და დაიწყო კონტროლი. მაგრამ აღმოჩნდა, რომ კონტროლს მიღმა დარჩა სერვისი, როცა სათამაშო ბიზნესის ადგილობრივი ორგანიზაცია მომსახურებას ქვეყნის გარეთ ახორციელებს, არ იყო კანონში და ეს ახლა სწორდება. ყველა სფერო, რომელიც სათამაშო ბიზნესს ეხება, როგორც ქვეყნის შიგნით, ისევე ქვეყნის გარეთ, მოექცევა კონტროლის ქვეშ. ეს ერთის მხრივ უკავშირდება ადგილობრივი მოსახლეობის განკარგვადი შემოსავლის საკითხს, ასევე უკავშირდება ისეთ რისკებს, როგორიცაა თაღლითობა და ფულის გათეთრება. ეს ქვეყნის გარეთაც რომ მოხდეს, აისახება ქვეყნის იმიჯზე.

ქვეყნის შიგნით, აღნიშნული საკითხი ისედაც კონტროლირებული იყო. რაც შეეხება სერვისის ქვეყნის გარეთ მიწოდებას, ევროკავშირში წევრი ქვეყნების გარეთ მიწოდება საერთოდ აკრძალულია. ამიტომაც არიან ჩვენთან, სომხეთში, სამხრეთ აფრიკაში და სხვა ქვეყნებში ასეთი კომპანიები. მარტივად რომ განვმარტო რაზეა საუბარი, ეს ნიშნავს, რომ სალაროში ფსონის მიმღები და მოგების გამცემი სხვა ქვეყანაშია და თამაშის ორგანიზება მიმდინარეობს სხვა ქვეყანაში. სწორედ აქ არის ხოლმე მთავარი რისკები, ამიტომაც წესდება კონტროლი“, - განაცხადა ,,საქმეში“ მიხეილ დუნდუამ.

თამარ მუკბანიანი