„ათასობით კომპანია ითხოვდა ქონების გადასახადის გადავადებას და სათამაშო ბიზნესს არათუ გადაუვადეს, სალიცენზიო მოსაკრებელი აჩუქეს“ – „ეს არის კონკრეტული კორუფციული ინტერესი“

„ათასობით კომპანია ითხოვდა ქონების გადასახადის გადავადებას და სათამაშო ბიზნესს არათუ გადაუვადეს, სალიცენზიო მოსაკრებელი, აჩუქეს“ – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა საბა ბუაძემ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. აღნიშნულით ის მთავრობის 13 ივლისის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც თბილისში სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი გარკვეული შეღავათით შეძლებს სარგებლობას და 5 მილიონი ლარის ნაცვლად, პირველ წელს 2,5 მლნ ლარს გადაიხდის.

როგორც საბა ბუაძემ აღნიშნა, მთვარობის გადაწვეტილება კონკრეტულ კორუფციულ ინტერესს ემსახურება.

„საქართველოში 100 ყველაზე მსხვილი კომპანიიდან 6 არის აზარტული თამაშების. მათი ჯამური წლიური ბრუნვა 2020 წელს იყო 32 მლრდ ლარი, ეს არის კოლოსალური რაოდენობის თანხა. მათი წმინდა მოგება შეადგენს რამდენიმე ასეულ მილიონ ლარს. მათი შენატანი და წვლილი ეკონომიკაში არის ძალიან მცირე. ეს სექტორი ასაქმებს 10 ათასამდე ადამიანს, რაც მოგეხსენებათ, რომ იმ გარკვეული ზიანის ფონზე, რომელსაც ამ სექტორიდან ვიღებთ, არის ძალიან მცირე პორცია. ამის მიუხედავად, რა თქმა უნდა, ჩვენ სხვა ქვეყნების მაგალითებს არ უნდა მივდიოთ და მთლიანად არ უნდა ავკრძალოთ, განსაკუთრებით ციფრულ ეპოქაში. თუმცა, ის, რომ ამ ბიზნესის წვლილი ეკონომიკაში და საგადასახადო სისტემაში უნდა იყოს უფრო დიდი, ეს არის ცალსახა. ამას აკეთებს ყველა განვითარებული სახელმწიფო.

პრობლემას ვხედავ იმაში, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყანაში მიმდინარე ძალიან მწვავე პროცესების მიღმა, ათავისუფლებს სალიცენზიო მოსაკრებლისგან თბილისში მდებარე კაზინოებს.

ასეულობით ქართული ბიზნესი და ათასობით კომპანია ითხოვდა ქონების გადასახადის გადავადებას და სათამაშო ბიზნესს არათუ გადაუვადეს, სალიცენზიო მოსაკრებელი აჩუქეს, გაუნახევრეს. თუ მათ უნდოდათ, რაიმე სტიმულის მიცემა ამ ბიზნესისთვის (რომელიც არ სჭირდება სახელმწიფოსგან არანაირი წახალისება და ამას რიცხვები კარგად აჩვენებს), შეეძლოთ გადაევადებინათ, რატომ აჩუქეს თითოეულ კაზინოს ორი წლის განმავლობაში, როგორც იცით წელსაც და მომავალ წელსაც მოსაკრებელს ანახევრებენ. ეს არის კონკრეტული კორუფციული ინტერესი.

ამ სექტორს, რომელიც წარმოუდგენლად დიდ მოგებას ნახულობს, რაში სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან დამატებით სასათბურე პირობების შექმნა, მაშინ, როდესაც არცერთი ქართული ბიზნესისთვის ეს არ გაუკეთებიათ?!“- განაცხადა საბა ბუაძემ.

ნინი ქეთელაური